ბახმაროზე ისევ თოვს, რის გამოც კურორტზე ჩარჩენილი ადამიანების გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება. გადაუღებელი თოვის გამო კურორტ ბახმარომდე მისასვლელი გზა დღეს დილიდან ჩაკეტილია.
როგორც „პრაიმტაიმნიუსისთვის“ ხდება ცნობილი, კურორტზე დაახლოებით150-200 კაცია ჩარჩენილი. რომლებიც სედანის ტიპის ავტომობილებით ორი დღის წინ ავიდნენ.
როგორც ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ გვითხრა, მიუხედავად მრავალგზის გაფრთხილებისა, რომ მორიდებოდნენ ამ პერიოდში კურორტზე შესაბამისი გამავლობის არმქონე მანქანებით ასვლას, რატომღაც მოსახლეობამ ეს არ გაითვალისწინა.
„გადაუღებელი თოვლის გამო კურორტზე 150-200 ადამიანია ჩარჩენილი, ისინი 50 სედანის ტიპის ავტომობილებით ავიდნენ კურორტზე, მიუხედავად იმისა რომ ყველა გაფრთხილებული იყო, მათ დაუდევრობა გამოიჩინეს, ბახმაროზე ვერ გათვლით როდის რამხელა თოვლი მოვა, ამიტომ საჭიროა მაღალი გამავლობის ტრანსპოროტით ასვლა. 42კმ ვიმყოფები ახლა მე, დაახლოებით 8 კილომეტრით მივუახლოვდი კურორტს, ტექნიკა მუშაობს, მაგრამ თოვა ისევ დაიწყო და ძნელია რამის პროგნოზირება. 33-ე კილომეტრის შემდეგ დაკეტილია გზა ჩხაკაურასთან, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. დენი მოგეხსენებათ კერძო ობიექტებს აქვს, ასევე აქვთ გენერატორები. მუშაობს კვების ობიექტები. სპეც-ტექნიკა და ბურანები მოძრაობს კურორტის მიმართულებით და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ადამიანები გამოვიყვანოთ უსაფრთხოდ.თუ თოვამ დაგვაცადა შევძლებთ იქ დარჩენილი ავტომობილების გამოყვანასაც“,- განაცხადა ირაკლი კუჭავამ.
„პრაიმტაიმნიუსი“ კურორტზე ჩარჩენილ ილო ღლონტსაც დაუკავშირდა.
„მუშაობენ ტრაქტორები, გვითხრეს რომ მალე მოგვარდება ეს პრობლემა და გაგვიყვანენ, დიდი თოვლი არ არის, მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა რომ აქ ჩავრჩენილიყავით“,- ამბობს ღლონტი.
შეგახსენებთ, ბახმარომდე მისასვლელი გზა 5 დღეა ჩაკეტილია. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოსახლეობას წესების დაცვისკენ მოუწოდებს.