ბაღდათში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე გაჩენილი ხანზარი, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სრულად ლიკვიდირებულია. ამის შესახებ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან იუწყებიან.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ “112”-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ბაღდათში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე ხანძარი გაუჩნდა საცხოვრებელ სახლს.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა გამოძახებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინეს. შემთხვევის ადგილზე 2 წუთში გამოცხადდა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, იწვოდა ხის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი. ხანძარი გავრცელებული იყო, დაახლოებით, 200 კვ/მ ფართობზე.
ხანძრის ლოკალიზაციის შემდეგ, ღია ცეცხლში შესულმა მეხანძრე-მაშველებმა 5 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათ შორის იყო 1 ქალი და 4 არასრულწლოვანი. მოგვიანებით, ადგილზე ნაპოვნი იქნა კიდევ ერთი – ხანშიშესული ქალის ცხედარი.
ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ასევე, მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.
მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს ოჯახს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.