იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, თუ ინფიცირებულთა რაოდენობა არ შემცირდება, სასწავლო პროცესი სკოლებისა და უნივერსიტეტების ბაზაზე, დახურულ სივრცეში გაგრძელება ძალიან გართულდება.
როგორც მან მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, სხვადასხვა კვლევებით, ბავშვების უმეტესობა კორონავირუსს მსუბუქად გადაიტანს.
„ბავშვების კუთხით მდგომარეობა ზუსტად ისეთივეა, როგორც მოზრდილების. ვგულისხმობ იმას, რომ როდესაც ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა მატულობს, ამის უკან დგას ინფიცირებული ბავშვების რაოდენობის მატებაც და უფრო მეტი მიმართვიანობა პედიატრიულ სტაციონარებში.
რაც ყველაზე მთავარია, კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის ბუნებიდან გამომდინარე, მას უფრო მეტი გავრცელება ახასიათებს ახალგაზრდებში და ბავშვებში, რაც გულისხმობს იმ შემთხვევების ზრდას, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდება.
თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, „დელტა“ ვარიანტს არ შეუცვლია ჩვენი წარმოდგენა კორონავირუსზე, რომ კორონავირუსი უფრო ნაკლებად ვრცელდება ბავშვებში, მოზრდილებთან შედარებით.
ის მონაცემები, რომელიც გვაქვს და ჩვენ ძირითადად, აშშ-ის NCDC-ის მონაცემებს ვეყრდნობით, კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის შემთხვევაში, მაქსიმუმ 3%- ია იმ ბავშვების რაოდენობა, რომელსაც საავადმყოფოში მოთავსება სჭირდება, ანუ 100-დან 3. ეს არ არის დიდი მაჩვენებელი. 100-დან 97 ბავშვი კორონავირუსს გადაიტანს მსუბუქად, ბინის პირობებში, მაგრამ თუ დავთვლით პროცენტულ განაწილებას, 48 ათასი ინფიცირებულიდან 40 ბავშვი მაინც უნდა იყოს“, – განაცხადა ჩხაიძემ.
მანვე ისაუბრა, 12 წლის ასაკიდან ბავშვების ვაქცინაციაზეც და განაცხადა, რომ ეს ცალკეული ქვეყნების ინდივიდუალური გადასაწყვეტია.
„12 -დან 15-წლამდე ბავშვების ვაქცინაცია შესაძლებელია განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც მათ აქვთ ისეთი ქრონიკული პათოლოგიები, რაც ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მის ჯანმრთელობას რისკს შეუქმნის. ეს არ არის რუტინული და ყველა ბავშვს არ ეხება.
ევროპის უმეტესი ქვეყანა უკვე ახორციელებს და ნაწილი გეგმავს 12-დან 15 წლამდე ბავშვების ვაქცინაციის დაწყებას, თუმცა, ინდივიდუალური გადასაწყვეტია, იქნება თუ არა ვაქცინაცია“, – განაცხადა ჩხაიძემ.