საქართველოს მთავრობამ ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ახალგაზრდობის სააგენტო დააფუძნა.
სააგენტოს მიზანი ახალგაზრდებისთვის საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაა; ახალგაზრდებში სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ ცნობიერების დონის ამაღლება და მათი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ინსტიტუციური მონაწილეობის ხელშეწყობა; ახალგაზრდებისთვის აქტუალურ მიმართულებათა შესაბამისად ცნობიერების დონის ამაღლების ხელშეწყობა; არაფორმალური და ფორმალური გარე განათლების განვითარება, ახალგაზრდული ეკონომიკის გაძლიერება, ხელსაყრელი სტარტაპ-ეკოსისტემის შექმნა, მათი ინიციატივების მხარდაჭერა, ახალგაზრდების დასაქმებისა და სწავლიდან დასაქმებაზე გადასვლის ხელშეწყობის მიზნით.
მთავრობის შესაბამისი დადგენილების მიხედვით, სააგენტო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ერთეული იქნება და მის ზედამხედველობას მთავრობა განახორციელებს. ახალი სააგენტო განათლების სამინისტროს სსიპ-ების – ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფლებამონაცვლეა.
ახალი სააგენტოს ხელმძღვანელი და მისი მოადგილეები პრემიერ-მინისტრმა ერთი კვირის ვადაში უნდა დანიშნოს.
სააგენტოს ფუნქციებში შედის სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; მთავრობის ახალგაზრდული სფეროსა და საქმიანობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება, მათი აღსრულება და შესრულების კოორდინირება; ახალგაზრდებსა და ახალგაზრდულ სფეროს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის სრულყოფისთვის რეკომენდაციების შემუშავება და საკანონმდებლო წინადადებების ინიცირება და სხვა მსგავსი საკითხები.
ამასთან, სააგენტომ უნდა განახორციელოს კვლევები ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე, მოიძიოს სტატისტიკურ-ანალიტიკური მასალები, უზრუნველყოს მათი ანალიზი და გამოვლენილ საკითხებზე რეაგირების მიზნით შესაბამისი პროგრამები, წინადადებები და რეკომენდაციების შეიმუშაოს; მოამზადოს პროგრამები ახალგაზრდების კარიერის დაგეგმვის, დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით, ასევე ხელი შეუწყოს პროგრამებში სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფს მიკუთვნებული ახალგაზრდების ჩართულობას და სხვა.
სააგენტო სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და მთავრობის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული. თუმცა ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხების, საშტატო განაკვეთებისა და სხვა ხარჯების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გასაჯაროებულა.