საქართველოში აშშ-ის საელჩო საოკუპაციო რეჟიმს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„აშშ-ის საელჩო მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ვაჟა გაფრინდაშვილი, ცნობილი ქართველი ექიმი და საქართველოს ტრავმატოლოგ-ორთოპედთა ასოციაციის პრეზიდენტი, რომელსაც 15 ნოემბერს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ამასთანავე, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ გადასაკვეთი პუნქტების ჩაკეტვა. ჩვენ ხაზგასმით ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, მათ შორის, ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი წვდომის უზრუნველყოფა და საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის გაუქმება“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ გაიტაცეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. ოსური მედიის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა.