ასე სახე როგორ უნდა დაკარგოთ ზოგიერთებმა, რომ ბავშვების საშუალებით „გაამძაფროთ” ყალბი ინფორმაცია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
„რამდენიმე დღეა თვალს ვადევნებ მედიაში ხელოვნურად შექმნილ ფეიკ კამპანიას უსახლკარო ოჯახებზე. ძალიან ვწუხვარ, რომ მოსახლეობის ნაწილი, მით უმეტეს სოცქსელების მომხმარებლები, აყვნენ ამ ამორალურ მანიპულაციას. ასე სახე როგორ უნდა დაკარგოთ ზოგიერთებმა, რომ ბავშვების საშუალებით „გაამძაფროთ” ყალბი ინფორმაცია?!.
ამის იქით რაღა დარჩა? შემდეგი მანიპულაციისთვის რას და როგორ გამოიყენებთ – წარმოდგენაც კი მზარავს! ვიტყოდი სირცხვილია-ს, მაგრამ ბავშვების ფოტოების მოფრიალეებს, არა მგონია ეს გრძნობა აწუხებდეთ,“- წერს კახა კალაძე.
ცნობისთვის, დღეს დევნილთა სააგენტომ აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ ჩანგელიების დევნილ ოჯახთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
მათი განმარტებით, ჩანგელიების დევნილი ოჯახი დამისამართებულია ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, შესაბამისად, ბინა, მათივე თანხმობის საფუძველზე, ქალაქ ზუგდიდში მიიღეს, რაც მშობლების ხელმოწერითაც დასტურდება.