”ამ გამარჯვებას ვუძღვნი ზაზა სარალიძის ნატანჯ ცხოვრებას” – ”დურუჯი 2019”-ის გამარჯვებული სპექტაკლის ”ჰეკაბე” რეჟისორი მსახიობ ინგა კაკიაშვილისთვის დატოვებულ წერილს აქვეყნებს.
”მეგა ტვ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
”დიდი მადლობა ყველას მოლოცვისთვის. ძალიან მიხარია >>ჰეკაბეს<< და ჩემი საყვარელი ხალხის წარმატება. დაჯილდოვებას ვერ დავესწარი, არ ვარ საქართველოში და ჩემს საყვარელ Inga Kakiashvili -ს პატარა წერილი დავუტოვე, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
>>თუ ახლა ჩემი უძვირფასესი ინგა ამ წერილს კითხულობს, ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენმა სპექტაკლმა ერთ-ერთ ნომინაციაში გაიმარჯვა. მადლობას ვუხდი ყველას ვინც შექმნა ჩემთან ერთად ეს სპექტაკლი, მესხიშვილის თეატრის შესანიშნავ მსახიობებს, განსაკუთრებით კი ჩემს უსაყვარლეს ინგას რომელმაც ხელოვნურად თუ ბუნებრივად შექმნილი უამრავი დაბრკოლების მიუხედავად, მაინც ბოლომდე მიიყვანა ეს სპექტაკლი და შექმნა ზუსტად ისეთი >>ჰეკაბე<< როგორიც მე მინდოდა. დიდი მადლობა ქალბატონ ნანა ტონიას საოცარი ტექსტისთვის და ჩემს ძვირფას მეგობარს, ერეკლე გეწაძეს, ბრწყინვალე მუსიკისთვის, უღრმესი მადლობა ზეკო ხაჩიძეს, რომელსაც ერთი წამითაც არ დაუტოვებივარ მარტო. მადლობა ჟიურის პრემიისთვის, რომელიც ახლა ჩემიაცაა და ჩემს წილ გამარჯვებას როგორც მინდა ისე მოვექცევი.
ჰოდა ამ გამარჯვებას მივუძღვნი ზაზა სარალიძეს, კაცს, რომელმაც შთამაგონა რომ დამედგა ეს სპექტაკლი, რომელმაც ვერ იპოვა სამართალი, ფარდები ჩამოაფარა და სახლში ზის, უდიდეს დეპრესიას ებრძვის. ამ გამარჯვებას ვუძღვნი მის ნატანჯ, დაღლილ ცხოვრებას, რომელიც ასეთი წარმატებით დავივიწყეთ ყველამ და მისით ცოტა დაღლილები სასწრაფოდ გავურბივართ თუკი რომელიმე არხზე მოვკრავთ თვალს. ამ გამარჯვებას ვუძღვნი მომპალ სისტემას, უამრავი უსამართლობის მთესველს, რომელმაც მოსპო ეს კაცი, მერე მისი სტიგმატიზაციაც არ დაიზარა და ახლა მშვიდად ელოდება მის საბოლოო განადგურებას. ამ გამარჯვებას ვუძღვნი საზოგადოებას, სოლიდარობის შეგრძნება რომ არ გაგვაჩნია და ადამიანებს სისტემის წინააღმდეგ ბრძოლაში მარტოს ვტოვებთ, ამ გამარჯვებას ვუძღვნი ყველა შვილმოკლულ მშობელს, რომელმაც ისე როგორც ჰეკაბემ, სამართალი ვერ იპოვა.
გმადლობთ.” – წერს მიშა ჩაკრვიანი.
”ლადო მესხიშვილის თეატრის სპექტაკლი ”ჰეკაბე” გუშინ ”დურუჯი 2019”-ზე საუკეთესო სპექტაკლად დასახელდა.