ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი „ქართველი ხალხის აქტის“ შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
„საქართველოს პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის საპასუხოდ, რომელიც ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის ფუნქციონირების შეზღუდვას ითვალისწინებს, ამერიკელმა სენატორებმა ბენ კარდინმა (მერილენდი), ჯინ შაჰინმა (ნიუ-ჰემპშირი), ჯიმ რიშმა (აიდაჰო), პიტ რიკეტსმა (ნებრასკა), კრის კუნსმა (დელავერი) და ლინდსი გრემმა (სამხრეთ კაროლინა) ორპარტიული კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის და ფიზიკური პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს, რომლებიც კორუფციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღების ხელშეწყობაზე ან მიღების მცდელობებზე პასუხისმგებლები არიან. კანონპროექტი გააძლიერებს ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივ მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც დიდი უმრავლესობით უფრო დემოკრატიულ, ევროატლანტიკურ მომავალს მხარს უჭერს“, – ნათქვამია აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის განცხადებაში.