„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი ხდება რუსთავში 80 წლის მოხუცის მკვლელობის ახალი დეტალები. მოკლულის ახლობელი, რომელმაც ვინაობის გასაჯაროებისგან თავის შეკავება გვთხოვა, გვიყვება, რომ 80 წლის ამირან პაპუაშვილი მეზობლების მხრიდან ხშირად განიცდიდა შევიწროებას. რაც შეეხება მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 23 წლის მეზობელს, ჩვენი რესპონდენტი ყვება, რომ ეს ახალგაზრდა ქალი მოხუცს სისტემატიურად ძალავდა ფულს, რასაც თან ახლდა მუქარა. მოხუცს შიში ჰქონდა, რომ მოკლავდნენ, რის გამოც იარაღის შეძენაზეც კი ფიქრობდა.
„სულ მაგას მეუბნებოდა, მეზობლები არ მივარგაო. ჯერ ტუალეტი წამართვესო, ახლა ვიღაც მდგმურები გადმოვიდნენო, 23 წლის გოგო თავის ქმართან და ორ შვილთან ერთადო და სულ ფულს მძალავენო. ამბობდა, ჩემი მოკვლა უნდათო. ისიც კი მითხრა, იარაღი მინდა ვიყიდო თავის დაცვა მინდაო.
წინაზეც 3442 ლარი მოპარეს სახლიდან, ეხლაც დაახლოებით მაგდენი მოპარეს. ადებდა კიდეც ხელს მაგ მდგმურებს.
მოხეცებულს ეუბნებოდა ეს გოგო, რათ გინდა ფული, მემომეციო. ძალავდა, რამდენჯერაც ფული გამომართვეს აღარ მომიტანეს უკანო.
ვუთხარი, პოლიციას მიმართე მეთქი და არაო – ისედაც ვძულვარ მეზობლებს და უარესად გადამეკიდებიანო“, – გვიყვება მოკლული მოხუცის ახლობელი.
ცნობისთვის, 24 აგვისტოს რუსთავში 23 წლის ქალმა 80 წლამდე კაცი ბლაგვი საგნით მოკლა. საქმის ბრალდებული დოდო ჯანგულაშვილი ჩვენებაში დეტალურად აღწერს, თუ როგორ მოკლა 80 წლის მეზობელი.