ევროკომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, სანქციების ქვეშ მოქცეულ რუსებსა და ბელარუსებზე გაცემული „ოქროს პასპორტები“ გააუქმონ და შემდგომ გაცემაზეც უარი თქვან. „ოქროს პასპორტი“ ინვესტიციის სანაცვლოდ პასპორტის აღების მექანიზმია.
„ევროკომისია მოუწოდებს ევროკავშირის ქვეყნებს, დაუყოვნებლივ თქვან უარი ნებისმიერ არსებულ სქემაზე, რაც ინვესტიციის სანაცვლოდ მოქალაქეობის მინიჭებას უზრუნველყოფს. ასევე, ეფექტიანად შეამოწმონ ამ სქემებთან დაკავშირებული რისკები. ამასთან, ევროკომისია რეკომენდაციას უწევს წევრ ქვეყნებს, განიხილონ, შესაძლებელია თუ არა „ოქროს პასპორტების“ ჩამორთმევა ევროკავშირის შავ სიაში შეყვანილი რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის,“ – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში, რასაც TASS ავრცელებს.
ევროკავშირი შიშობს, რომ „ოქროს პასპორტის“ სქემის გამოყენებით სანქცირებული რუსები და ბელარუსები, რომლებიც „აშკარა მხარდაჭერას უწევდნენ“ უკრაინაში რუსეთის შეჭრას, მოქალაქეობით ან ევროკავშირში პრივილეგირებული წვდომით, მათ შორის შენგენის ზონაში თავისუფალი გადაადგილებით ისარგებლებენ.
25 მარტს, ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკიმ ევროკავშირს შესთავაზა, რუსებისთვის ვიზების გაცემა სანქციების ფარგლებში შეწყვიტოს. ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ, მათ შორის საბერძნეთმა, ჩეხეთმა, მალტამ, პორტუგალიამ, გერმანიამ და სხვებმა რუსებზე „ოქროს ვიზების“ გაცემა მანამდეც შეწყვიტეს. მათ აშშ, კანადა და დიდი ბრიტანეთი შეუერთდნენ.
Bpn.ge