გუშინ საღამოს თბილისში, გორგასლის 40 ნომერში მდებარე 13-სართულიანი კორპუსის მე-10 სართულიდან 20 წლის ბიჭი გადმოვარდა. ის ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „პრაიმტაიმს“ ამავე კორპუსში მცხოვრები ქალი უყვება, დილით მას ძაღლი მოსვენებას არ აძლევდა და ეზოში როდესაც ჩაიყვანა ნახა, რომ სისხლის გუბეები იდგა.
„ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი. ვნახე, რომ სისხლის გუბეები იდგა. როგორც ვიცი მე-10 სართულზე გაქირავებული აქვთ ბინა. ერთადერთი ვიცი, რომ ეს იყო რუსი და მას დღიურად ჰქონდა ბინა ნაქირავები. აქ ასეთი სულ 2 ბინაა. სულ ხმაურია და მე თავად ამ გადამქირავებელს დავურეკე და ვუთხარი, რომ თუ კიდევ ასეთი ხმაური იქნება შსს-ს მივმართავდი, რადგან შეუძლებელია ღამის 4 საათზე ასეთი ხმაურის ატანა და ეს ხშირად ხდება. „ბორდელად“ არის გადაქცეული. მე პირადად არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ეს ბიჭი ადგილზე გარდაცვლილი ნახეს. სხვა მეზობლებსაც აწუხებს ეს ყველაფერი. აქ ვინ გადის და ვინ შემოდის ვერ გაიგებ“, – გვიყვება თვითმხილველი.
„ღამის ოთხი საათი იქნებოდა, როცა აფეთქებასავით ხმამ გაგვაღვიძა. აივნიდან რომ გადავიხედეთ, ადამიანი ეგდო ეზოში. მოგვესმა, რომ ვიღაც ტიროდა ჩუმად – ქალი იყო თუ კაცი, ვერ გავარკვიე“ – უყვება „პრაიმტაიმს“ სართულის მეზობელი.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ბიჭი ეროვნებით რუსი, 1999 წელს დაბადებული იყო. მას ეს ბინა დღიურად ჰქონდა ნაქირავები და მამინაცვალთან ერთად ამავე სახლში იმყოფებოდა. როგორც მამინაცვალი ამბობს, ბიჭი მოსაწევად აივანზე იყო გასული, როდესაც ის დიდი ხანი უკან აღარ შემობრუნდა, თავად გავიდა აივანზე და ბიჭი უკვე ხტებოდა მეათე სართულიდან. ვერ მოვასწარი დაჭერაო, – ამბობს მამინაცვალი.
„პრაიმტაიმი“ ბინის სავარაუდო გადამქირავებელსაც დაუკავშირდა. ის ჩვენს მიმართ აგრესიით გამოირჩეოდა. მან არ დაადასტურა, რომ ეს ბინა მის საკუთრებაში და განმარტა, რომ მას ბინები მხოლოდ მე-5, მე-6 და 7 სართულებზე აქვს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „პრაიმტაიმს“ მომხდარს უდასტურებენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
Primetime.ge