ათასობით კომპანიაა, რომელსაც არასწორად აქვს შესრულებული ვალდებულებები – ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ “ბიზნესპრენიუსთან” საუბრისას განაცხადა.
კითხვაზე, რამდენად ხშირია შემთხვევები, როცა კომპანია საპენსიო შენატანებს სათანადოდ არ ახორციელებს, ჭიჭინაძის თქმით, მსგავსი კომპანიების რიცხვი რამდენიმე ათასია.
„გარკვეულწილად არის დარღვევები, ათასობით კომპანიაა, რომელსაც არასწორად აქვს შესრულებული ვალდებულებები, შეიძლება იყოს განსხვავება შემოსავლების ბაზასა და ჩვენს გადაცემების ბაზას შორის. არის შემთხვევები, როდესაც ზოგადად არ ადეკლარირებენ“, – დასძინა მან.
ცნობისთვის, საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია საპენსიო შენატანების არაჯეროვანი შესრულების ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის მიზნით, განახორციელოს დამსაქმებლის/არასტანდარტული დასაქმებულის გეგმური ან არაგეგმური შემოწმება. წესების დარღვევის შემთხვევაში კი განსაზღვრულია ჯარიმები.
უფრო კონკრეტულად: დამსაქმებლის მიერ საკუთარი ან დასაქმებულის სახელით საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედების განმეორების შემთხვევაში კი, ჯარიმა 1000 ლარი იქნება.
500-ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის საპენსიო შენატანის ანაზღაურების ვალდებულების დარღვევაზეც, როგორც პირველ, ისე განმეორებით ჩადენის შემთხვევაში. ამასთან, დოკუმენტის თანახმად, 500 ლარით დაჯარიმდება ის თვითდასაქმებულიც, ვინც დაარღვევს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულებას.