როგორ იქმნებოდა ქუთაისის ადმინისტრაციული სახლის ფასადი? – ამის შესახებ ჟურნალისტი ნანული ცხვედია სოციალურ ქსელში წერს:
”1946 წლის 24 მაისის გაზეთ “ინდუსტრიულ ქუთაისში” ძალიან საინტერესო წერილს წავაწყდი იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობდნენ ადმინისტრაციული სახლის გაფორმებაზე ცნობილი ქუთაისელი ქვისმთლელები: ლუკა ბაზაძე, პარმენ აბესაძე და სხვები. ეს ის უბადლო ოსტატები არიან, შემდეგ მესხიშვილის თეატრის შენობაც რომ მოაჩუქურთმეს და ეკლარის ქვის ულამაზეს პერანგში ჩასვეს.
მოკლედ, გაზეთის ბიბლიოგრაფიულ საძიებელზე მუშაობისას გუშინ ვნახე ზ (აალ) მესენგისერის წერილი “ქვის მჭრელები” – აი, ასეთი შინაარსით:
“ადმინისტრაციული სახლის მშენებლობის ეზოში ზოლებად აწყვია ეკლარის ქვები. ამ ქვებზე ჩუქურთმები გამოჰყავთ ჩვენი ქალაქის ცნობილ ოსტატებს. ერთ -ერთი ოსტატი, ჩუქურთმის მჭრელი, ამხ. ლ. ბაზაძე, 50 წელია, ამ ხელობაზე მუშაობს. მიმზიდველი სახეები გამოჰყავს ქვის ზოდებიდან. ბაზაძის ხელით გამოჭრილი ჩუქურთმებით დამშვენებულია ქალაქის მრავალი სახლი. ამჟამად ბაზაძე ადმინისტრაციული სახლის ფასადის გაფორმებაზე მუშაობს და დავალებებს 150 პროცენტით ასრულებს.
აქვე მუშაობს ცნობილი ჩუქურთმისმჭრელი, ამხ. პ. აბესაძეც. ამას წინათ მას დაევალა ეკლარის ქვიდან 4 სახის გამოყვანა. დილიდან საღამომდე დაუღალავად იმუშავა და 9 სახე გამოიყვანა.
ჩუქურთმის მჭრელები ინჟინერ შავიშვილის პროექტის მიხედვით მუშაობენ და წარმატებით ასრულებენ დავალებებს. მშენებლობაზე სტახანოვურად მუშაობენ სხვა მეჩუქურთმეები და კალატოზებიც – ვ. ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით. კალატოზებმა ნ. ბერეკაშვილმა, ა. ნოსელიძემ, ვ. ბეჟუაშვილმა და ს. ბერეკაშვილმა ეკლარის ქვების გამოთლისა და დაშენების დავალება გადაჭარბებით შეასრულეს მაისის პირველ დეკადაში.
მაგრამ მარტო ამ ქვით როდი ფორმდება ადმინისტრაციული სახლის ფასადი. თეთრ ქვასაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ამ სახლის მოპირკეთებაში. თეთრი ქვის მთლელი, ამხ. ე. კობახიძე ენერგიული მუშაა. მის მიერ გამოთლილი ქვები ყოველთვის ლამაზია და მიმზიდველი. ოსტატების ღირსების საქმეა, ქართული სტილით ამოჭრილი ჩუქურთმებით შეამკონ ადმინისტრაციული სახლის ფასადი. ”
…………………………………………………………
ეს ჩვენი ქალაქის ურბანული ისტორიის ერთი საინტერესო ფურცელია. გადავშალოთ, ვიცოდეთ…” – წერს ნანული ცხვედიანი.