ამბები




მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2016“ დასრულდა




ორფოლოს სასროლეთზე მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2016"-ის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
დახურვის ცერემონიალის დაწყებამდე სწავლებაში მონაწილე სამხედრო ქვედანაყოფებმა საჩვენებელი წვრთნები გამართეს. სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა მაღალი ღირებულების მიზანზე რეიდი ჩაატარეს. ქართულმა და ამერიკულმა ჯავშანტექნიკამ, საარტილერიო დანადგარებმა და ავიაციამ შეტევითი, თავდაცვითი და უკან გამოსვლის ოპერაცია განახორციელეს.

მრავალეროვნული სწავლების დახურვის ცერემონიალი სწავლებაში მონაწილე სახელმწიფოების ჰიმნებით გაიხსნა. ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა და სამხედრო მოსამსახურეებმა, წუთიერი დუმილით საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2016"-ის დახურვის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა სწავლების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მადლობა გადაუხადა: „დღეს აქ გაისმა ექვსი ქვეყნის ჰიმნი. თქვენი ჰიმნები ისმის მიწაზე, რომელსაც ჩემი წინაპრები 3000 წლის განმავლობაში იცავდნენ. იცავდნენ ბევრად უფრო ძლიერი მტრისგან, იცავდნენ თავგამოდებით და 21-ე საუკუნეში მოიყვანეს ძალიან ძლიერი, მაგრამ მცირერიცხოვანი ერი. დღეს თქვენ ძალიან შთამბეჭდავი სურათი გვაჩვენეთ. მე მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ყველა იმ უწყების წარმომადგენელს, რომელიც ამ ძალიან მნიშვნელოვანი სწავლების ორგანიზებაში მონაწილეობდა. ეს არის თავდაცვის სამინისტროები, ეს არის დიპლომატიური კორპუსი, მათ მართლაც ძალიან ბევრი გააკეთეს, რომ ეს სწავლება შთამბეჭდავი ყოფილიყო. ღმერთი ფარავდეს საქართველოს და ყველა იმ ქვეყანას, ვისი ჯარისკაცებიც დღეს აქ ერთობლივად იმყოფებიან" - განაცხადა ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მრავალეროვნული სწავლების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და სამხედრო წვრთნების წარმატებით დასრულება მიულოცა: „გულითადად გილოცავთ წვრთნების წარმატებულად დასრულებას! მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გვამოძრავებს საერთო ღირებულებები. სწორედ ეს ღირებულებებია, რომლებიც გვამტკიცებს და ჩვენს მორალს შეურყეველს ხდის. ეს სწორედ ის ღირებულებებია, რომლითაც ჩვენი ქვეყნები, ჩვენი საზოგადოებები უნდა ცხოვრობდნენ უსაფრთხოების ისეთ გარემოში, სადაც თავისუფლებას, ადამიანის ღირსებას პატივს სცემენ. ეს სისტემა დღეს დიდი საფრთხეების წინაშე დგას… ჩვენ ერთმანეთს, სწორედ ძლიერები ვჭირდებით, სწორედ ისეთები ვჭირდებით, როგორც თქვენ წვრთნებში აჩვენებთ საკუთარ თავს. მე მინდა, გულითადი მადლობა ვუთხრა თითოეული ქვეყნის წარმომადგენელს, რომლებიც ამ წვრთნებში მონაწილეობდნენ, განსაკუთრებით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ის საზღვაო ქვეითებს და ბუნებრივია, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენი ქვეყნის გენერალურ შტაბს წარმატებული წვრთნებისთვის. სწორედ, ერთობლივი წვრთნები უნდა გახდეს ჩვენი შემდგომი თანამშრომლობის ერთ-ერთი ძირითადი სფერო. ასე რომ, ეს თანამშრომლობა და ასეთი ტიპის წვრთნები მომავალშიც, ბუნებრივია, გაგრძელდება და ჩვენგან მაქსიმალური მხარდაჭერა გექნებათ" - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მრავალეროვნული სწავლება დადებითად შეაფასა და ქვედანაყოფებს წვრთნების მაღალ დონეზე ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა: „დღეს ვნახე სწორი დაგეგმარება, სიზუსტე, სისწრაფე და ამოცანის გულიანი შესრულება. მესმის, რომ ერთი ამოსუნთქვით ამის განხორციელება არ ხდება. ამ ყველაფრის უკან ძალიან დიდი ოფლი და შრომა დგას. დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ პროფესიონალიზმს და ვაჟკაცობას არ აქვს ეროვნება. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვირჩევთ ომს, ომი გვირჩევს ჩვენ. ამიტომ, მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი გამოწვევის და რისკისთვის, რადგან ჩვენს უკან დგას ქვეყნები, საერთო უსაფრთხოება და ჩვენი ღირებულებები. მიხარია, რომ ჩვენ ყველანი გვერდიგვერდ ვდგავარათ სიმართლის მხარეს. თუ სიმართლის მხარეს ვდგავარათ, ღმერთი ჩვენს მხარეს არის", - აღნიშნა გენერალური შტაბის უფროსმა.

მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2016” საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა და აშშ-ის საზღვაო ქვეითებმა ჩაატარეს. სამხედრო წვრთნების მიზანი ამერიკის შეერთებულ შტატებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთქმედების დახვეწა, რეგიონში უსაფრთხოების მხარდაჭერა, თავდაცვით და თავდასხმითი ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, ასევე აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთანამშრომლობის შენარჩუნება და გაღრმავება იყო.

სამხედრო სწავლებაში 1200-მდე საქართველოს შეიარაღებული ძალების, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის, ბულგარეთის, რუმინეთის, უკრაინის და ლატვიის სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს მონაწილეობა. „Agile Spirit 2016" სამეთაურო საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავდა. სწავლების საველე ნაწილი ორფოლოს სასროლეთზე, სამეთაურო საშტაბო ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის ტერიტორიაზე ჩატარდა.

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com