ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

26 მარტი, 2016 2 313


 ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

 
 
 
 
 
 




სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში თანამედროვე  ტექნოლოგიებით აღჭურვილი ზეთისხილის  გადამამუშავებელი  პირველი საწარმო გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ–მინისტრი დაესწრო.  კომპანია  „ქართული ზეთისხილის" საწარმო სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს თანამშრომლობის შედეგად, „სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი  და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების" ( 345 800 აშშ. დოლარი)  პროგრამის ფარგლებში აშენდა.

გიორგი კვირიკაშვილმა 300 ჰექტარამდე გაშენებული ზეთისხილის პლანტაცია და ახლადგახსნილი საწარმო დაათვალიერა. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია კონკურენტუნარიანი იქნება როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზარზე.

"ეს არის დიასპორული ინვესტიცია, საქართველოდან წასულმა ჩვენმა თანამემამულემ განახორციელა ინვესტიცია და გააშენა ზეთისხილის ბაღები, ჯამში არის 200 ჰექტარზე მეტი. აქ კახეთის რეგიონში გაიხსნა გადამამუშავებელი საწარმო. მან დაასაქმა 100 ადამიანზე მეტი და უშვებს ორგანულ, ბიოლოგიურად სუფთა ზეთისხილის ზეთს და ასევე დაფასოებულ ზეთისხილს. სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამებით, ჩვენ არაერთი საინტერესო პროექტი დავაფინანსეთ რეგიონში. ეს პროექტი მათ შორის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და იმედი მაქვს მსგავსი პროექტები კიდევ განხორციელდება,"- განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტის  საერთო საინვესტიციო ღირებულება, დაახლოებით,  5 მილიონი ლარია. ბიზნესმენ გიორგი სვანიძის განმარტებით,  პროექტის ფარგლებში,  გაშენდა ზეთისხილის პლანტაცია, სადაც  დაირგო 250 ათასი ზეთისხილის ნერგი  და აშენდა გადამამუშავებელი საწარმო.  კომპანია ქართული  ზეთისხილის  პირველ მოსავალს   საკუთარ  საწარმოში გადაამუშავებს.  სოფელ საქობოში წარმოებული პროდუქცია  განკუთვნილია, როგორც ადგილობრივი  ბაზრისთვის, ასევე  საექსპორტოდ.

კომპანია მომავალში საქმიანობის გაფართოებას და წარმოების გაზრდას გეგმავს.
скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: