ამბები




ბერი გაბრიელის ცხოვრება და მოღვაწეობა


არქიმანდრიტი გაბრიელი, ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე 1929 წლის 26 აგვისტოს თბილისში დაიბადა. გოდერძი ჩვილობაშივე მოუნათლავთ წმ. დიდმოწამე ბარბარეს ტაძარში, ნავთლუღის უბანში. გოდერძის ნათლია გახლდათ ყოფილი "მოწყალების და” თამარ ბეგიაშვილი. მამა გაბრიელის მღვდლობაიმ პერიოდში საქართველოში მძვინვარებდა კომუნისტური რეჟიმი; იდევნებიდა სარწმუნოება, ინგრეოდა თუ იხურებოდა ეკლესიები, უდანაშაულოდ კლავდნენ და ასახლებდნენ მოსახლეობას. დაახლოებით ორი წლის იყო გოდერძი, როდესაც გაურკვეველ ვითარებაში მოუკლეს მამა – ვასილ ურგებაძე. შემდგომში ოჯახის წევრები მამის საპატივსაცემოდ ბავშვს ვასიკოს ეძახდნენ. პატარა ვასიკო ბავშვობიდანვე ღვთიური მადლით გამოირჩეოდა. კენჭებისგან პატარა ეკლესიებს აშენებდა და შიგ ასანთის ღერებს ანთებდა. დედას (შემდგომში – მონაზონი ანა. დაკრძალულია სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში, შვილის გვერდით) ეშინოდა, რომ არავის შეენიშნა ვასიკოს ამგვარი გატაცება, რადგან არ იყო გამორიცხული ოჯახის დასმენა ბავშვის კომუნისტური იდეოლოგიის საწინააღმდეგოდ აღზრდისთვის. ვასიკო ყრმობიდანვე უცნაურად იქცეოდა – თანატოლებთან თამაშს განერიდებოდა ხოლმე და ამჯობინებდა მარტოობასა და მდუმარებას. ბავშვს ერთი საკვირველი გართობა მაინც ჰქონდა: ხელში მოგრძო ჯოხს დაიჭერდა და გაიქცეოდა. ირგვლივ მყოფი ჩიტები ამ ჯოხს მოეხვეოდნენ და ჟღურტულით დაჰყვებოდნენ. ეს მოვლენა ყველას აკვირვებდა. ვასიკო საოცრად ლმობიერი იყო. სახლში თაგვის ხაფანგი არაფრით დაადგმევინა; თაგვს ცოცხლად იჭერდა გალიაში და შემდეგ ეზოს გარეთ უშვებდა.

სკოლაში 6 წლის ასაკში შეიყვანეს. წერა-კითხვა და არითმეტიკა ადვილად შეისწავლა, ხოლო კეთილი ზნეობით საყოველთაო სიყვარული დაიმსახურა. ქრისტეს სახელი პირველად 7 წლის ასაკში გაიგო, რამაც ვასიკოს ჩვეული ცხოვრება სრულიად შეცვალა. მალევე შეაგროვა ფული და შეიძინა სახარება, რაც ახალი ცხოვრების საწყისად იქცა. იმ დღიდან აღსასრულამდე გაბრიელ ბერი ერთი აზრითა და სურვილით განიმსჭვალა – ეცხოვრა მხოლოდ ქრისტესთვის. დღემუდამ თავის სახარებას კითხულობდა და სხვა არაფერი აინტერესებდა; გაკვეთილებს კი მცირე ხნით თუ გადაავლებდა თვალს, ბევრი დრო რომ არ წართმეოდა. დაძინებისას თავის ოთახში შევიდოდა და ხატების კუთხეში ხანგრძლივად ლოცულობდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე გაბრიელ ბერს მოუგონებია თავისი ბავშვობის ეს პერიოდი: "მეორე სართულზე, აივანზე ვიჯექი ჩემთვის ჩაფიქრებული, როდესაც შინაგანი კარნახივით მომეცა – ცას ახედეო. ავდექი, აივნის ნაპირთან მივედი, ავიხედე და ვხედავ, ცაზე დიდი ჯვარი იყო აღმართული. მაშინ ვერა, მაგრამ ახლა კი ვიცი, რომ ეს იყო ჩემი ჯვარი, რომელიც ღმრთისა და მოყვასის სიყვარულით უნდა მეტვირთა და მეტარებინა”.

ამავე პერიოდს ეხება გაბრიელ ბერის კიდევ ერთი მოგონება:

– ღამე, როცა მეძინა, უეცრად გამეღვიძა და დავინახე, ჩემ წინ საზარელი სახის დემონი აღმართულიყო. რისხვით მიყურებდა. ღმრთის მადლით, არ შემშინებია, დავიძაბე, მაგრამ არც არაფერი ვიღონე მის განსადევნად, უბრალოდ, გაკვირვებით შევყურებდი. მან დამიღრიალა: შენ მებრძვი მეო?! და მუშტი თავში ჩამარტყა.

პატარა ვასიკომ ამ განსაცდელით სარგებელი ჰპოვა, რაშიც თვით გაბრიელ ბერის მოგონებაც გვარწმუნებს: როდესაც დემონი ვიხილე, მაშინ სრულიად განმტკიცდა ჩემი რწმენა ქრისტეში, რადგან ვთქვი, თუკი ეშმაკი არსებობს, ღმერთი ხომ უფრო მეტად-თქო და თან ამით კიდევ, მოყვასო, ადამიანის სილამაზე დავინახე და დავაფასეო.

12 წლის ვასიკოს წრფელი სიყვარულისა და მოღვაწეობრივი ცხოვრებისათვის უფლისგან ძალმოსილებისა და საღმრთო გამოცხადებათა მადლი მიენიჭა.

მამა გაბრიელმა დაამთავრა თბილისის 24-ე საშუალო სკოლის ექვსი კლასი. 1949 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. იგი მსახურობდა ბათუმში. მიუხედავად არმიაში არსებული სიმკაცრისა, გაბრიელი ახერხებდა ოთხშაბათსა და პარასკევს მარხვას და ასევე ეკლესიაში სიარულს, სწორედ აქ შეისწავლა მან ხუცური დამწერლობა. 1951-55 წლებში სამხედრო სამსახურიდან დაბრუნებულს ოჯახის წევრებმა ცოლის შერთვა დააძალეს; ერთი ლამაზი გოგოც აჩვენეს. შეხვედრისას მან ქუდიც არ მოიხადა, ისე დაჯდა, სიტყვა არ წამოსცდენია, ადგა და გავიდა გარეთ. ოჯახის წევრების დაჟინებული თხოვნა რომ აეცდინა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წავიდა, რათა თვითონვე ეთქვათ უარი მის ცოლობაზე. ექიმებს უკვირდათ: აქ ხალხი ძალით მოჰყავთ, ეს კი თავისი ფეხით მოვიდაო. თუმცა, იმ უღმერთობის ჟამს, დაიწყო თუ არა ქრისტეს დიდებაზე ქადაგება, მაშინვე დაუსვეს დიაგნოზი: სულიერ ავადმყოფად მიიჩნიეს და სახლში მხოლოდ დედის ზედამხედველობის პირობით გაუშვეს.

ბერი გაბრიელისწორედ იმ პერიოდში დაიწყო ეზოში საკუთარი ხელით ეკლესიის აშენება. ხშირად ამბობდა: "ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი ვერ იქნება მამა”.

რწმენისაგან დაცლილი იმჟამინდელი ხელისუფალნი ანგრევდნენ ეკლესია-მონასტრებს და ფიზიკურად ანადგურებდნენ ღვთისმსახურებს. ამიტომაც ხშირად აწიოკებდნენ ახალი ეკლესიის ამშენებელს და მის დანგრევას აიძულებდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც მივიდოდნენ, რაღაც ნაწილს ეკლესიისას დაანგრევდნენ, ხოლო მეორე დღეს ჩუმად ფულს სთავაზობდნენ, რაც დავანგრიეთ, აღადგინეთო.

ერთხელაც მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელი მივიდა მასთან. მამა გაბრიელს არ გასჭირვებია მათი მიზნის ამოცნობა. არც აცალა ხმის ამოღება, ისე უთხრა: "მე არ დავანგრევ და თქვენ თუ შეძლებთ, დაანგრიეთ”. შეშინებიათ, წასულან და მუშები მოუყვანიათ. ბერს მათთვის კიდევ უთქვამს: "ბრძანების გამცემი უფრო სცოდავს, ვიდრე შემსრულებელი”. ამჯერად უფრო შეშინებიათ და წასულან. ასე გადაარჩინა ღვთის შიშმა მისი ეკლესია მთლიანად დანგრევას.

ბერი გაბრიელი ღვთის გზას ბავშვობიდანვე დაადგა, მაგრამ რომ განემტკიცებინა ყოველივე და ოფიციალური მსახური ყოფილიყო დედა ეკლესიისა, 1954 წლის 25 დეკემბერს ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსს გაბრიელ (ჩაჩანიძეს) მიმართა: "გთხოვთ, მიმიღოთ თქვენს საკათედრო ტაძარში მსახურად, რადგან სიყრმიდანვე ჩემს მიზანს ეს შეადგენს”. მღვდელმსახურმა მისი თხოვნა დააკმაყოფილა. 1955 წლის იანვარში ვასიკო დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 23 თებერვალს ქუთაისის მოწამეთას მონასტერში ბერად აღიკვეცა და მისი სურვილისამებრ ეწოდა გაბრიელი. 3 დღის შემდეგ წმ. პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძარში ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ჩაჩანიძე) მღვდელ-მონოზვნად დაასხა ხელი.

მამა გაბრიელი იყო პირველი, ვინც კომუნისტების დროს ბერად აღიკვეცა და ააშენა ეკლესია. ხოლო 1965 წლის 1 მაისს კი, კომუნისტური აღლუმის დროს, დაწვა ლენინის 12 მეტრიანი პორტრეტი. დაკითხვაზე მამა გაბრიელმა განაცხადა: "იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმა და არა – ლენინის სურათი. კაცს რად უნდა დიდება. უნდა ეწეროს: დიდება ქრისტე ღმერთს”. კრემლიდან გაიცა ბრძანება ბერის გაუსამართლებლად დახვრეტის შესახებ, რაც შემდეგ შეიცვალა უზენაესი სასამართლოს 1965 წ. 3 აგვისტოს განჩინებით. მამა გაბრიელი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას უკიდურესად არაჰუმანურად ეპყრობოდნენ.

მამა გაბრიელი ბოლო წლებში ცხოვრობდა მცხეთის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ კოშკში. 1995 წელს ბერი წყალმანკით მძიმედ დაავადდა. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ გაბრიელ ბერი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა. 1995 წ. 2 ნოემბერს არქიმანდრიტი გაბრიელი გარდაიცვალა. იგი, ანდერძისამებრ, დაკრძალულია ბერ-მონაზვნური წესით, ჭილოფში გახვეული, მცხეთის დედათა მონასტრის სასაფლაოზე. არქიმანდრიტი გაბრიელის სისხლი, რომელიც ექიმმა-ქირურგმა ზურაბ ვარაზაშვილმა აიღო ანალიზის ჩასატარებლად, დღემდე უხრწნელია. ის მცხეთის დედათა მონასტერში მონაზონ პარასკევასთან ინახება და ავადმყოფები ეამბორებიან.

დავით დანელია

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com