ამბები

არასრულწლოვანთა დანაშაულის ძირითადი მიზეზები და პირობები(ოჯახის როლი)


საზოგადოებაში ადამიანის ქცევა მისი საზოგადოებრივი აღზრდის შედეგია. ადამიანის თვისებებს შეუძლია ხელი შეუწყოს სათანადო გარემოებაში მის ამა თუ იმ რეაქციას. ორი ადამიანი ერთნაირ ცხოვრებისეულ სიტუაციაში სხვადასხვაგვარად მოიქცევა მიღებული სხვადასხვა აღზრდის საფუძველზე. ბ.ვ. ვოლჟენკინი წერს: ,,თვითონ სუბიექტი ამა თუ იმ თვისების ძალით მოცემულ პირობებში ობიექტურად შესაძლებელ ქცევათა რიცხვიდან ირჩევს ქცევის განსაზღვრულ ვარიანტს. ამის ცხადყოფისათვის ავიღოთ ცოლქმრული ღალატი: ერთი ადამიანი ოჯახს დაანგრევს, მეორე - აპატიებს და გააგრძელებს ერთობლივ ცხოვრებას, მესამე ჩაიდენს მკვლელობას".7 ასე, რომ პიროვნების ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ცხოვრებისა და აღზრდის თავისებურებებს.
საზოგადოდ ცნობილია, რომ პიროვნების ჩამოყალიბება ოჯახიდან იწყება. ოჯახი არის საზოგადოების მიკროუჯრედი. ,,ოჯახი არის საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედი და მას უფლება აქვს დაცული იყოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრივ".8 ბავშვი პირველად ოჯახში ხედავს ადამიანთა ურთიერთობას, ოჯახში შეიცნობს თავისი არსებობის მიზანს, თავის ,,მეს", სოციალური ორიენტაციის მეთოდებს. ბავშვობაში იგი შეუგნებლად, უფროსების მიბაძვით აღიქვამს ოჯახში მიღებულ წესებსა და ნორმებს, საზოგადოების ინტერესთან დამოკიდებულებას. ეს მზა ტენდენცია მრავალჯერ უფრო ძლიერია მის ჯერ კიდევ ჩამოყალიბებულ ფსიქიკაზე, დამოუკიდებელ ჩვევებსა და თვისებებზე. მოზარდის შეხედულებანი ცხოვრებაზე მყარი არ არის. ამიტომ იდეალი და ცხოვრების მიზანი მის შეგნებაში დახვეწილი როდია. ბავშვი ოჯახში გაბატონებული ნორმებით საზღვრავს ყველაფერს.
ოჯახში სისტემატური უთანხმოება, ჩხუბი და უპატივცემულობა არასრულწლოვანს უვითარებს დაუკმაყოფილებლობის გრძნობას. ფ. ე. ძერჟინსკი წერდა: „ბავშვი აღიქვამს იმათ მწუხარებას, ვინც უყვარს. მასზე გავლენას ახდენს წვრილმანი რამეც, ამიტომ უნდა ვერიდოთ ბავშვების წინ უზნეობას, სიფიცხეს, ჩხუბს, ჭორაობასა და რაც ყველაზე ცუდია, არ მოვიქცეთ საკუთარი სიტყვების საწინააღმდეგოდ. ბავშვთა ბრალეულობა და დამსახურება მეტწილად მათი მშობლების სინდისზეა".9
ძერჟინსკის აზრი სავსებით მართებულია. საქმე ისაა, რომ არასრულწლოვანი, მოზარდი მყიფე ფსიქიკის მქონე პიროვნებაა. იგი თავის მშობლებს ხატად აღიქვამს და ჰგონია, რომ ისინი ყოველთვის მართლები არიან, ხოლო როცა მათი მხრიდან უზნეობას აწყდება, ფიქრობს, რომ, ალბათ, ასეა საჭირო, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს მისი სუბკულტურული ორიენტაციის ჩამოყალიბებას. ამერიკელი ფსიქოლოგი ბრაინეტ კრეტტი აღნიშნავს: „ბავშვები აკვირდებიან რა უფროსების აგრესიულობას, განსაკუთრებით თუ ისინი მათთვის მნიშვნელოვანი და ავტორიტეტული ადამიანები არიან, რომელთაც შეუძლიათ აგრესიულობის წყალობით მიაღწიონ წარმატებას, ჩვეულებრივ ირჩევენ ხოლმე ქცევის ამ ფორმას"
უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მშობელთა ცხოვრების წესს, მათ განათლებას, დასაქმების სფეროს, ბავშვისადმი დამოკიდებულებას. როგორც კრიმინოლოგიურ ლიტერატურაშია მითითებული, არასრულწლოვანთა დანაშაულობასა და მოზარდთა მშობლების განათლების დაბალ დონეს შორის პირდაპირპროპორციული დამოკიდებულება არსებობს. საქართველოში, სადაც 10 წლის ასაკს ზემოთ ყოველ 1000 სულ მოსახლეზე მოდის უმაღლესი და საშუალო განათლების მქონე 622 კაცი.10 დამნაშავე მოზარდთა მამების 37%-სა და დედების 48%-ს საშუალო სკოლაც კი არ ჰქონდა დამთავრებული.
ბავშვის ფსიქიკაზე განსაკუთრებით ცუდად მოქმედებს მშობლებს შორის გაუთავებელი კამათი, სიმთვრალე და უხეში ფიზიკური ძალის დემონსტრირება. უდიდესი მნიშვნელობა აქვს თავად მოზარდების ურთიერთობას მშობლებთან. აღნიშნულის შესახებ საინტერესო სტატისტიკას გვაწვდის გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საზოგადოების კვლევის ცენტრის მომზადებული ანგარიში „მოზარდთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევა", რომლის თანახმადაც, მოზარდების დიდ უმრავლესობას კარგი ურთიერთობა აქვთ თავიანთ მშობლებთან. ამასთან, ვაჟებს უფრო უკეთესი ურთიერთობა აქვთ როგორც მამასთან, ისე დედასთან, ვიდრე გოგონებს. საერთოდ, როგორც ვაჟების, ისე გოგონების მეტ წილს დედასთან უფრო უკეთესი ურთიერთობა აქვს, ვიდრე მამასთან. ზოგადად, რაც უფრო მეტია მოზარდების ასაკი, მით უფრო მეტია იმ მოზარდების წილი, რომლებსაც კარგი ურთიერთობა აქვთ მამასთან.
ქალაქად მოზარდების ასაკის ზრდასთან ერთად მცირდება იმ მოზარდების წილი, რომლებსაც კარგი ურთიერთობა აქვთ დედასთან, მაშინ როდესაც სოფლად მცხოვრები მოზარდების შემთხვევაში პირიქით - რაც მეტია მოზარდების ასაკი, მით უფრო მეტია იმათი წილი, ვისაც კარგი ურთიერთობა აქვთ დედასთან. ასეთი მდგომარეობის შედეგად, 15 წლის ასაკში, მით უფრო მეტია იმათი წილი, ვისაც კარგი ურთიერთობა აქვს დედასთან. ასეთი მდგომარეობის შედეგად, 15 წლის ასაკში, თუ ქალაქად მეტია იმ მოზარდების წილი, სოფლად მცხოვრებლებთან შედარებით, რომლებსაც კარგი ურთიერთობა აქვთ დედასთან, უკვე 17 წლის ასაკისათვის სოფლად მცხოვრები მოსახლეობის წილი ჭარბობს.11
უდიდეს კრიმინოლოგიურ მნიშვნელობას იძენს აგრეთვე ისეთი ფაქტორიც, როგორიცაა ბავშვის აღზრდა ,,არასრულ” ოჯახში, რომლის მიზეზია მაგალითად: განქორწინება, ერთ-ერთი მშობლის გარდაცვალება და ა.შ. განქორწინებას, როგორც წესი, წინ მძიმე და ხანგრძლივი კონფლიქტი უძღვის, რაც უარყოფითად მოქმედებს მოზარდის ფსიქიკაზე. სასამართლო განქორწინების დროს, ხშირ შემთხვევაში, სასამართლო ბავშვს დედას აკუთვნებს. ოჯახში მარტოდ დარჩენილ ქალს ყველა საზრუნავი კისერზე აწვება და მას დრო აღარ რჩება გაარკვიოს, თუ რა ხდება მისი შვილის ფიზიკურ თუ სულიერ სამყაროში. შედეგად კი, მოზარდი უფრო მეტ დროს ატარებს ქუჩაში, სადაც იგი სხვადასხვა ზნე-ჩვეულებების მქონე ადამიანებს იცნობს და იწყება მისი დამნაშავედ ფორმირების ეტაპი.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, არა მხოლოდ ცუდი, არამედ კარგი მშობლების მოქმედებამაც შეიძლება გამოიწვიოს მოზარდის უარყოფითი ქცევა, რაც დადასტურებულია მეცნიერული გამოკვლევებით. ბავშვი, რაც უფრო მატერიალურად უზრუნველყოფილ ოჯახში ცხოვრობს, მით უფრო იზრდება მისი მოთხოვნილებები, მით უფრო უმტკიცდება რწმენა, რომ ყველაფერი შეიძლება საკუთარი შრომის გარეშე ჰქონდეს და მხოლოდ მშობლების დახმარებით: „თუ ადამიანი ბავშვობიდანვე არ იქნა შეჩვეული შრომას, თუ თავიდანვე არა აქვს წაყენებული მოთხოვნები და არ ჩამოუყალიბდა პასუხისმგებლობის გრძნობა ვალდებულებათა შესრულების მიმართ, მაშინ არაფერია გასაკვირი, როცა გაექცევა შრომას, დაუწყებს ძებნას იოლ ცხოვრებას, გამოიჩენს უპასუხისმგებლობას და იოლად მოექცევა ყოველგვარი სახის ამორალური გავლენის ქვეშ."
გამომდინარე აქედან, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის სწორად აღზრდისა და განვითარებისათვის მშობლების მიერ შერჩეულ აღზრდის ფორმებსა და მეთოდებს, მათ დამოკიდებულებას მოზარდისადმი, მათ მიერ გამოვლინებული აგრესიის ხარისხსა და ხასიათს.
„აგრესიული გრძნობები არასრულწლოვანებს შეიძლება ჩამოუყალიბდეთ ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში მათი ქცევის აგრესიულ ფორმებზე მშობლების შესატყვისი რეაქციის შედეგად".13
ხშირად, მშობლები თავს არიდებენ მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას და შვილებს ინტერნატებში ან სხვა დაწესებულებებში ათავსებენ. 1998 წლის მონაცემებით, საქართველოში სხვადასხვა ტიპის სპეციალურ დაწესებულებაში მყოფ ბავშვთა რაოდენობა 5671-ს შეადგენს. საგანგებო დაწესებულებათა მიერ ბავშვებისათვის მიყენებული ზიანი მსოფლიოს მასშტაბით საფუძვლიანადაა შესწავლილი და დოკუმენტურად დადასტურებული. კვლევის თანახმად, რაც უფრო დიდხანს რჩება ბავშვი დაწესებულებაში, მით უფრო დიდია მისი ემოციური, ქცევითი აშლილობისა თუ გონებრივი განვითარების დაქვეითების საშიშროება. ხანგრძლივი დაკვირვებისა და შესწავლის შედეგად მიჩნეულია, რომ საგანგებო დაწესებულებებში გაზრდილი ბავშვები ძნელად ამყარებენ ურთიერთობას სხვა ადამიანებთან; მათ შესაძლოა ჰქონდეთ პრობლემები გონებრივ, ფიზიკურ თუ სოციალურ განვითარებაში; როგორც წესი, მათ სტანჯავთ არასრულფასოვნების კომპლექსი, როგორც საკუთარ მშობელთა მიერ „უარყოფილებს"; ამჟღავნებენ აშკარა უნდობლობასა და უპატივცემლობას სხვათა მიმართ, რაც თანდათანობით „ძნელად აღსაზრდელობაში", „გაბოროტებასა" და „აგრესიულობაში" ვლინდება.
კვლევის შედეგად, ცნობილია, რომ საგანგებო დაწესებულებებში გაზრდილი ბავშვები მოგვიანებით ხშირად ციხეებში, გონებრივად ჩამორჩენილთა თუ სულიერად დაავადებულთა სახლებში ხვდებიან, ანუ კვლავ ინსტიტუციონალურ არსებობას უბრუნდებიან; გოგონათა უმრავლესობა პროსტიტუციაში ჩათრეული აღმოჩნდება; ხოლო ისინი, ვისაც შვილები ჰყავთ, ვერ ახერხებენ მათზე ნორმალურ ზრუნვას, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ თავად არ განუცდიათ დედობრივი ზრუნვა და არა აქვთ ნათელი წარმოდგენა ოჯახური მოდელის თაობაზე, საბოლოოდ მათი ბავშვებიც დაწესებულებებში ხვდებიან და წრეც იკვრება.

ოჯახური აღზრდის ნაკლოვანებებსა და უმეთვალყურეობაზე, როგორც არასრულწლოვანთა დანაშაულობის მიზეზებზე, ყურადღებას ამახვილებენ ისეთი მეცნიერები, როგორებიც არიან: ა.ა.პიონტკოვსკი, ს.ს.ოსტროუმოვი, ნ.ფ.კუზნეცოვა და სხვები/

მეცნიერულად შესწავლილი და დასაბუთებულია, რომ სწორედ ოჯახია ის აუცილებელი და ბუნებრივი გარემო, სადაც ნებისმიერი ბავშვი უნდა იზრდებოდეს, მხოლოდ ოჯახს შეუძლია უზრუნველყოს ბავშვი შესაბამისი ზრუნვით და ხელი შეუწყოს მის ნორმალურ გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას. მსოფლიოს პროგრესულმა საზოგადოებამ დიდი ხანია უარი თქვა მიუსაფარ ბავშვებზე ზრუნვის ინსტიტუციონალურ ფორმასა და ალტერნატიულ, ოჯახზე დაფუძნებულ მეთოდებს მიანიჭა უპირატესობა/
ოჯახი ბავშვთა გადარჩენის, განვითარებისა და დაცვისათვის აუცილებელ გარემოს წარმოადგენს. ოჯახის განსაკუთრებულ როლს ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის ხაზს უსვამს ბავშვის უფლებათა კონვენციაც, რომლის მიხედვით ოჯახი არის „საზოგადოების ძირითადი უჯრედი და ბავშვების ზრდისა და კეთილდღეობის ბუნებრივი გარემო" და რომ „ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში."14

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com