ამბები

პატრიარქი - ჭეშმარიტი რწმენა, თავმდაბლობა და ჩვენი ტრადიციები, ეს არის უძველესი საუნჯე, რომელსაც ჩვენ ვუფრთხილდებით


პატრიარქი-ის სურათის შედეგი


ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი სარწმუნოება ეს არის უდიდესი საუნჯე, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოველის ტაძარში, რომის პაპის მიღებისას ბრძანა. როგორც უწმინდესმა აღნიშნა, სვეტიცხოველში განსაკუთრებული სიწმინდეები განისვენებს, სადაც უძველესი დროიდან იკურთხებოდა მირონი, სადაც გვირვინს ადგამდნენ საქართველოს მეფეებს.


"გულითადად მოგესალმებით საქართველოს ეკლესიის უძველეს და უმნიშვნელოვანეს ტაძარში, სვეტიცხოველში, სადაც განსაკუთრებული სიწმინდეები განისვენებს. აქ არის ხალენი წმინდა ილია წინასწარმეტყველისა. აქ არის მსოფლიო მნიშვნელობის უდიდესი სიწმინდე, კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთ პირველ წმინდანთან, სიდონიასთან ერთად განისვენებს ამ ტაძარში. წმინდა სიდონია ქართველ ებრაელთა საოცარი ოჯახიდან იყო. მისმა ძმამ ელიოზმა მცხეთაში ჩამოიტანა კვართი, ხოლო მათი დედა ჯვარცმის დღეს აღესრულა, რომ განიცადა ჯვარცმა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ჩვენ ვიმყოფებით იმ ტაძარში, სადაც უძველესი დროიდან იკურთხებოდა მირონი, სადაც გვირვინს ადგამდნენ საქართველოს მეფეებს და სადაც სდგებოდა და დღესაც ხდგება აყსაყდრება კათალიკოს-პატრიარქის. პირველი ეკლესია ამ ადგილზე მეოთხე საუკუნეში აშენდა. ეს სახე, რომლშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით მე-11 საუკუნეში მიიღო და არის 12 მოციქულის სახელობის", - ბრძანა უწმინდესმა.

როგორც სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა განაცხადა, მცხეთა ისეა გაშენებული, რომ მეორე იერუსალიმის განცდას ქმნის.
"მცხეთა საქართველოს ძველი დედაქალაქია და დღემდე უცვლელი სულიერი ცენტრია ქვეყნისა. იგი და მისი შემოგარენი ისეა გაშენებული, რომ მეორე იერუსალიმის განცდას ქმნის: ახლოსვეა გოლგოთა, ბეთანია, გეთსიმანია, თაბორი, ელეონი და სხვა. რამდენი ცრემლი და სისხლი დაღვრილა ამ მიწა-წყალზე! საქართველო ხომ მუდამ მტერთა შემოსევების ადგილი იყო, მაგრამ ეს პატარა ქრისტიანული ოაზისი, მაინც გადარჩა და თავისი მეობა შეინარჩუნა, თუმცა უდიდესი მსხვერპლის ფასად", - ბრძანა პატრიარქმა.

პარტიარქმა ასევე აღნიშნა, რომ ძალა გულმხურვალე ლოცვაში და ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისცემაში და რწმენაში მდგომარეობს.

"როგორც ჩვენი ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, წმინდანად აღიარებული ილია მართალი ამბობდა, ქრისტე ჯვარს ეცვა ჩვენთვის, ხოლო საქართველო ჯვარს ეცვა ქრისტესთვის. მე-13 საუკუნეში 100 ათასი ქართველი მოწამე ეწამა საქართველოს ეკლესიის დასაცავად. მათ არ დაადგეს ფეხი მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატსა. დიახ, ძალა გულმხურვალე ლოცვაში და ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისცემაში და რწმენაში მდგომარეობს. რა არის მიზეზი ჩვენი სისუსტისა? ორივე ამის ნაკლებობა. მე მახსენდება ძველი მოძღვრების დარიგება, მართალი ლოცვა რომ ჰქონდეს ადამიანს იგი უდიდეს სასწაულებს იზამს და ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის უდიდესი საუნჯე, ჩვენი სარწმუნოება. ჭეშმარიტი რწმენა, თავმდაბლობა და ჩვენი ტრადიციები ეს არის უძველესი საუნჯე რომელსაც ჩვენ ვუფრთხილდებით და მომავალშიც გავუფრთხილდებით. კიდევ ერთხელ მოგესალმებით თქვენო უწმინდესობავ და ვაღიარებთ, რომ ჭეშმარიტ სარწმუნოებაში არის ჩვენი ურთიერთობა. მხოლოდ ჭეშმარიტი სარწმუნოება და სიყვარული გახსნის გზას ჩვენი ერთობისათვის", - ბრძანა ილია მეორემ.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com