"ნაციონალური მოძრაობა" გიორგი კვირიკაშვილს შეხვედრას სთავაზობს

20 იანვარი, 2016 2 023


 

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვედრას სთავაზობს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, "ნაციონალურ მოძრაობას" პრემიერ-მინისტრისთვის ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის შესახებ მათ მიერ მომზადებული გეგმის გაცნობა სურს.

"ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და გავაცნოთ ის ეკონომიკური გეგმა, რომელსაც უკვე თვეების და წლების განმავლობაში წარვუდგენთ საზოგადოებას. უმცირესობასთან შეხვედრის დროს, პრემიერმა კვირიკაშვილმა გამოთქვა მზადყოფნა შეხვედროდა ოპოზიციას და განეხილა ანტიკრიზისული გეგმა. თუ მისი სიტყვები იყო რეალური განზრახვა და არა სიტყვები სიტყვებისთვის, ჩვენ ვადასტურებთ, რომ მზად ვართ ასეთი შეხვედრისთვის და საქმიანი დიალოგისთვის. მზად ვართ გადავცეთ ხელისუფლებას გეგმა, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა კრიზისიდან და როგორ უნდა გაუმჯობესდეს ამ ქვეყანაში ათიათასობით და ასიათასობით ოჯახის მდგომარეობა", - განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, "ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის მიერ დაშვებულმა შეცდომებმა, ერთიანი ეკონომიკური ხედვის არაარსებობამ, უნიათობამ და მავნებლურმა რეგულაციებმა საქართველო შეიყვანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისში.

"ამის შედეგია ლარის გაუფასურება, ეკონომიკური ზრდის შეჩერება და ათიათასობით ოჯახის უფრო მეტ სიღარიბეში ცხოვრება. სამწუხაროდ, მთავრობა დღემდე არ აღიარებს ეკონომიკურ პრობლემებს და დღემდე ხელისუფლებას არ წარმოუდგენია ერთიანი, გააზრებული გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოს გამოყვანა ეკონომიკური კრიზისიდან. საბოლოო გამოსავალი ამ ყველაფრიდან არის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე "ქართული ოცნების" ხელისუფლების მშვიდობიანი და პოლიტიკური გზით დასრულება და ეს აუცილებლად მოხდება წელს. თუმცა, არჩევნებამდე დარჩენილია 9 თვე და ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიციას, აუცილებლად მიგვაჩნია ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ შეჩერდეს ქვეყნის ეკონომიკური უკუსვლა და მოსახლეობის გაღარიბება", - აღნიშნა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა.

скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: