ამბები




ქართული სამხედრო ავიაცია 24 წლის გახდა





ალექსეევკის შერეული საავიაციო ესკადრილიის სამხედრო აეროდრომზე ქართული სამხედრო ავიაციის 24-ე წლის იუბილე აღინიშნა. ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის პირად შემადგენლობას სამხედრო ავიაციის იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებელმა პოლკოვნიკმა დავით აბრამიშვილმა მიულოცეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სამხედრო მოსამსახურეთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

საზეიმო ცერემონიალი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის პირად შემადგენლობას სამხედრო ავიაციის იუბილე მიულოცა და ყურადღება საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემების გაუმჯობესებაზე გაამახვილა: „გულითადად გილოცავთ დღევანდელ იუბილეს. მე აქ ვისმენდი თქვენ ისტორიას, მოვისმინე სახელები და გვარები იმ გმირებისა, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის თავი გაწირეს. ამიტომ ეს მოგონება, მათი სახელების ჩამოთვლა ამ სახელების გახსენებას კი არა, იმ დიდი ისტორიის გახსენებას უკავშირდება რა ისტორიასაც თქვენი დანაყოფი ატარებს, იმ ვაჟკაცობას უკავშირდება, იმ ქვეყნისადმი ერთგულებას უკავშირდება, რომლითაც თქვენ გამოირჩევით. ამიტომ ამ სახელების გახსენება არის თქვენი, ჩვენი განმტკიცება იმ სამსახურისთვის, რასაც სამშობლოსათვის სამსახური ქვია. დარწმუნებული ვარ თქვენ, თქვენი სამსახურით მუდამ დარჩებით ერთგული მათი პატივის და მათი სახელების წინაშე.

ჩვენ მომავალში დიდი პასუხისმგებლობის და გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი საჰაერო თავდაცვის კომპონენტი გახლავთ. იცით, რომ ახლო წარსულში სტუმრად გვყავდა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი და ჩვენ ვგეგმავთ საფრანგეთთან ერთად იმ ხელშეკრულების განხორციელებას, რაც უკავშირდება საჰაერო თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბებას ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ მომავალში ბევრი საქმეები გველოდება წინ, რადგან ჩვენი საჰაერო სივრცე, რომელიც ჩვენი ქვეყნის დაცულობის, სუვერენიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, იყოს ღირსეულად დაცული თქვენნაირ პროფესიონალებთან ერთად, შესაბამისი, ადეკვატური ტექნიკის არსებობის პირობებში. მე დიდ იმედს ვამყარებ თქვენზე, რომ ეს ამბიციური კონტრაქტი, ეს სისტემა სისრულეში მოვიყვანოთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად" - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებელმა პოლკოვნიკმა დავით აბრამიშვილმა ქართველ მფრინავებს სამხედრო ავიაციის პროფესიული დღე მიულოცა და ის გმირები გაიხსენა, რომლებმაც ქართული ავიაციის განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანეს: „მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. დღეს უკვე 24-ედ ავღნიშნავთ საჰაერო ძალების დღეს და მეამაყება, რომ უკვე 24-ედ ვხვდებით, როგორც დამოუკიდებელი საჰაერო ძალები. ამ მოკლე ისტორიის განმავლობაში საჰაერო ძალებმა საკმაოდ რთული გზა განვლო და ყოველთვის იდგა საჰაერო სივრცის სადარაჯოზე. ჩვენ გვყავს ეროვნული გმირი, ზურაბ იარაჯული, დიდი ქართველი-ამერიკელი კონსტრუქტორი ალექსანდრე ქართველიშვილი, რაც იმის მანიშნებელია, რომ საჰაერო ძალებს აქვს მომავალი. ამ მომავალის წარმატებისთვის, ჩვენი შვილებისთვის და საქართველოსთვის ყველამ ერთად უნდა ვიზურუნოთ იმ გეგმების და ხედვების განვითარებაზე, რომელიც უფრო ძლიერს და ბრძოლისუნარიანს გახდის საჰაერო ძალებს. აქ მოწვეულნი არიან საჰაერო ძალების ყოფილი სარდლები, რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს საჰაერო ძლების განვითარებაში, მე მინდა მათ ყველს მადლობა გადავუხადო გაწეული სამსახურისთვის. ასევე მინდა გავიხსენო სარდლები, რომლებმაც გმირულად დადეს თავი სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში" - აღნიშნა ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებელმა პოლკოვნიკმა დავით აბრამიშვილმა.

ღონისიების დასრულების შემდეგ, ალექსეევკის შერეული საავიაციო ესკადრილიის სამხედრო აეროდრომზე მოწვეული სტუმრებისთვის საავიაციო და საჰაერო თავდაცვის ტექნიკის გამოფენა მოეწყო.

1992 წლის 19 სექტემბერს ქართული ავიაციის ქვედანაყოფი პირველად აღიჭურვა საავიაციო-საბრძოლო ტექნიკით. სამხედრო მფრინავებმა იზანი ცერცვაძემ და ვალერი ნაყოფიამ ორი ერთეული სუ-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავით პირველი გაფრენა განახორციელეს. სწორედ ამიტომ დაწესდა 19 სექტემბერს ქართული სამხედრო ავიციის პროფესიული დღე.

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ბოლოს დამატებული

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com