ამბები

სამტრედია VS ყარაბაღი - დაამტკიცეთ, რომ არ ხართ ნული!




დღეს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "სამტრედია" აღდამის "ყარაბაღს" უმასპინძლებს. 


პირველ შეხვედრაში აზერბაიჯანის ჩემპიონმა 5:0 გაიმარჯვა.

მატჩი "დინამო არენაზე" გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.

მატჩზე დასასწრებად საჭიროა სალაროში უფასო ბილეთი აიღოთ.

"ყარაბაღმა" გუშინ ივარჯიშა, ხოლო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ყურბან ყურბანოვმაპრესკონფერენცია გამართა:

"ჩემთვის სასიხარულოა საქართველოში, ამ სტადიონზე ყოფნა, რადგან ეს დიდი საფეხბურთო ისტორიის მქონე არენაა.

მიუხედავად ბაქოში მოპოვებული დიდი უპირატესობისა, საპასუხო მატჩისთვის სრული სერიოზულობით ვემზადებით, რადგან რთული თამაში გველის. ბაქოშიც აღვნიშნე, რომ "სამტრედიას" წაგება არ უყვარს და ბოლოდე იბრძვის. 

ყოველი გაშვებული გოლის შემდეგ მეტოქე უფრო აგრესიული ხდებოდა. ვეცდებით, კარგი თამაში ვაჩვენოთ და გულშემატკივრები კიდევ ერთხელ გავახაროთ. ზოგჯერ დიდი ანგარიშით დამარცხებული გუნდი ასეთ შედეგს არ იმსახურებს და, სიმართლე გითხრათ, "სამტრედიასთან" ასეთი უპირატესობით მოგებას არც მე ველოდი.

ყოველთვის ვცდილობთ, შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ, თუმცა დაცვასაც დიდ ყურადღებას ვუთმობთ და "სამტრედიასთანაც" იმავეს ვეცდებით.

აზერბაიჯანელი ვარ, ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს და ვიცი, რომ ყარაბაღი ამ ქვეყნის ნაწილია. ამიტომ, ნებისმიერ აზერბაიჯანულ გუნდში მუშაობისას ვაკეთებ იმას, რაც ჩემი ქვეყნისთვის კარგი იქნება", - ამბობს ყურბან ყურბანოვი.

აზერბაიჯანელთა დამრიგებელმა იმ მიზეზებზეც ილაპარაკა, რის გამოც ბოლო დროს აზერბაიჯანული კლუბები ქართულ გუნდებზე უკეთ თამაშობენ:

"ჩვენს ქვეყნებს შორის ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა იყო. საბჭოთა პერიოდში "დინამოსა" და "ნეფთჩის" შეხვედრები საინტერესოდ მიმდინარეობდა. იმ პერიოდიდან მოყოლებული, ქართულ-აზერბაიჯანული საფეხბურთო დაპირისპირებები ყოველთვის გამოირჩევა ამ სახეობისთვის სასურველი დაძაბულობით...

ქართულ კლუბებზე ფინანსურმა პრობლემებმა დიდი გავლენა იქონია. სხვათა შორის, ამან ბოლო დროს აზერბაიჯანშიც იჩინა თავი. ამავე დროს, ქართველები უცხოეთში თამაშს ცდილობენ, ლეგიონერების რაოდენობა კი თქვენს გუნდებში მცირეა. მთავარი განსხვავება ქვეყნებს შორის ის არის, რომ აზერბაიჯანში ფინანსურად ძლიერი ორი გუნდია - "ყარაბაღი" და "გაბალა".

პრესკონფერენცია გამართეს სამტრედიელთა მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ და გუნდის კაპიტანმა გიორგი დათუნაიშვილმა.

გია ცეცაძე: "ვეცდებით, საპასუხო შეხვედრაში გავიმარჯვოთ. მთავარია, რომ წინა მატჩებიდან სწორი დასკვნები გამოვიტანოთ და წინ წავიდეთ. ბოლო სამი გოლი 83-ე წუთის შემდეგ გავუშვით, რისი მიზეზიც კონცენტრაციის დაკარგვა იყო. სწორედ ეს არის იმ სხვაობის შედეგი, რაც ჩვენს ჩემპიონატებს შორის, თამაშების ტემპსა და ფიზიკურ მომზადებაშია. ფინანსებიდან გამომდინარე, მოთამაშეების დონეში განსხვავებაც საგრძნობია. თანაც, მეტოქემ შეტევაში ჩვენი ფეხბურთის თამაშის საშუალება არ მოგვცა...

გუნდის გაძლიერებას იანვრიდან ვცდილობდით. კვალიფიციური ლეგიონერების დამატება ვერ მოვახერხეთ, რადგან ბოლო მომენტში ერთმა იტალიის სერია B-ში თამაში ამჯობინა, მეორემ - ესპანეთში. ჩემპიონთა ლიგის მატჩებამდე კლუბის ხელმძღვანელობა საკმაოდ მაღალი დონის მოთამაშეებს დაუკავშირდა, თუმცა ტრანსფერი ფინანსური საკითხების გამო ვერ შედგა. იყო ბრაზილიის უმაღლესი ლიგის მოთამაშე, რომელთანაც ყველა საკითხი მოგვარებული იყო, თუმცა ბოლოს იტალიის სერია B-ში გადავიდა...

დავიმატეთ ინტერს გაი და ბაკარი ბალდე, რომელიც პორტუგალიაში მესამე ეშელონის გუნდის ფეხბურთელი იყო, მაგრამ ჩვენთვის მაინც დიდი ძალა იქნება. ოღონდ ეგ არის, რომ ადაპტაციისთვის დრო დასჭირდებათ. ლეგიონერების დამატებაზე მუშაობა გრძელდება. სამწუხაროდ, ჩვენთან საკმარისი რესურსი არ არის, რომ ევროთასებზე კარგად გამოვიდეთ".

გიორგი დათუნაიშვილი: "ძალიან რთულ მდგომაროებაში ჩავიგდეთ თავი და მატჩის ბედიც თითქმის გადაწყვეტილია. ვეცდებით, თამაში მოვიგოთ და ჩვენს ქვეყანას სარეიტინგო ქულები შევმატოთ. იმედია, იღბალი ჩვენს მხარეზე იქნება. გულშემატკივრებს განსაკუთრებული მადლობა, რადგან ამ მძიმე წუთებში ჩვენთან არიან და ძალიან გვინდა მათი გახარება".

წყარო:  sportall.ge 
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com

© 1991-2018 «MEGATV» Broadcasting Company


Website by S/S