ამბები




ირაკლი კობახიძე: „ეს დღეები ისტორიული მნიშვნელობისაა საქართველოსთვის''


ირაკლი კობახიძემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა:

„ეს დღეები ისტორიული მნიშვნელობისაა საქართველოსთვის. თქვენმა ჩამობრძანებამ თბილისში კიდევ უფრო განგვიმტკიცა იმედი, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი,"- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრა თბილისში ძალზე დიდი დატვირთვის მატარებელია როგორც სიმბოლური, ისე პრაქტიკული პოლიტიკური თვალსაზრისით. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის თბილისში გამართვით, კიდევ ერთხელ დადასტურდა ნატო-ს სურვილი, თავის რიგებში იხილოს საქართველო. 

„მინდა გამოვხატო მადლიერება ნატო-სა და მისი წევრი ქვეყნების, ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების მიმართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველო ყოველთვის გრძნობდა ბოლო 15 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც საქართველომ ოფიციალურად გამოაცხადა ნატო-ში გაწევრიანების სურვილი. ნატო-ს ცალკეული წევრები დახმარებას გვიწევდნენ თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. უელსისა და ვარშავის სამიტების შემდეგ, ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გააქტიურდა. იმედი გვაქვს, რომ თქვენი მხარდაჭერა საქართველოს ახლო მომავალში ნატო-სთან სტრატეგიული დაახლოების ახალ ეტაპზე გადაიყვანს,"-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ნატო საქართველოსათვის არა მხოლოდ სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების განსამტკიცებლად, არამედ, თავისუფლების იდეალებისა და დემოკრატიული ღირებულებების გასაზიარებლად საუკეთესო პლატფორმაა. 

მისი თქმით, „ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ჩვენ კარგად დავინახეთ, რომ ნატო-სა და ევროკავშირის ახლად გაწევრიანებულმა და კანდიდატმა სახელმწიფოებმა ბევრად მეტი თავისუფლება და კეთილდღეობა მიიღეს, ვიდრე ქვეყნებმა, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზის გამო უარი თქვეს დასავლურ ინტეგრაციაზე. ჩვენ, ჩვენი მხრივ, კიდევ ერთხელ ღიად გამოვხატეთ სურვილი, ვიყოთ არა მხოლოდ ალიანსის წევრი, არამედ ევროატლანტიკური თანამშრომლობის ღირსეული და აქტიური მონაწილე."

პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცესთან დაახლოების პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების განტკიცება ნათლად წარმოაჩენს ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მტკიცე პოლიტიკურ ნებას და არჩევანს, გახდეს ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი.

„მოხარული ვართ, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცესთან საქართველოს დაახლოების პროცესი დინამიურად წარიმართება. დღეს ქართველი სამხედროები გლობალურ უსაფრთხოებას იცავენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ხოლო ხელისუფლება ახერხებს საქართველო სტაბილურობის, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების მოდელად აქციოს რეგიონში. თანამედროვე ქართული სახელმწიფო ეფუძნება იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომლებზეც დგას ევროატლანტიკური თანამეგობრობა - დემოკრატიას, თავისუფლებას, სამართლიანობას, შემწყნარებლობას, ჰუმანურობას,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები: პოლიტიკა

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com