ამბები




მამუკა ბახტაძე - აშშ-თან ჩვენ შევთანხმდით ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტებსა და პრინციპებზე


მამუკა ბახტაძე - აშშ-თან ჩვენ შევთანხმდით ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტებსა და პრინციპებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აშშ-ის კომერციის დეპარტამენტს შორის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებისთვის თანამშრომლობის საკითხებზე ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტი, რომელსაც ხელი მამუკა ბახტაძისა და აშშ-ის ვაჭრობის მდივან ვილბურ როსის შეხვედრის შემდეგ მოეწერა, ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოებას შეუწყობს ხელს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აშშ-ის კომერციის მდივანმა კომერციის დეპარტამენტში გამართული შეხვედრისას ხაზი გაუსვეს ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების მნიშვნელობას, მათ შორის ისეთი ქმედითი პლატფორმების გამოყენებით, როგორიცაა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის ფარგლებში მოქმედი ეკონომიკური სამუშაო ჯგუფი და მაღალი დონის დიალოგი ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებზე.

მთავრობის მეთაურმა კმაყოფილება გამოთქვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ინვესტირებით დაინტერესებული ამერიკული კომპანიების რიცხვი სულ უფრო იზრდება. მამუკა ბახტაძის განცხადებით, დაბალი გადასახადები, ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა და არაერთი პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმი, საქართველოში ბიზნესის კეთებას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის და ბიზნესს ევროპისა და აზიის ყველაზე სწრაფად მზარდ ბაზრებზე უმოკლესი მარშრუტით წვდომის საშუალებას აძლევს.

შეხვედრისას, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაიწყება საქართველოში აშშ-ის კომერციული წარმომადგენლობის შექმნის პროცესი, რომელიც რეგიონული დატვირთვის ოფისი იქნება. კომერციული წარმომადგენლობის გახსნის საკითხზე მუშაობის დაწყების საკითხი ასახულია ურთიერთგაგების მემორანდუმში, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის კომერციის მდივნის შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და აშშ-ის კომერციის მდივანმა ვილბურ როსმა მოაწერეს ხელი.

პრემიერის შეფასებით, დოკუმენტი არის შეთანხმება იმ პრინციპებზე, რომლებიც შემდგომი წლების განმავლობაში საქართველოში ხელშესახებ, ინკლუზიურ ზრდას უზრუნველყოფს.

“ორი დღის წინ მიღებული უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ერთობლივი დეკლარაცია ასახავს იმ პრიორიტეტებს, რომელიც გვექნება აშშ-თან ერთად შემდგომი წლების განმავლობაში, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა გადავიყვანოთ ხარისხობრივად ახალ დონეზე. დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია უმნიშვნელოვანესი ფაქტორი - სწორედ საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს რეგიონის ეკონომიკური და ლოგისტიკური ცენტრი და დღევანდელი დღე და კომერციის დეპარტამენტთან ხელმოწერილი მემორანდუმი ამის გაგრძელებაა. დოკუმენტის თანახმად, ჩვენ ამერიკელი მეგობრებისგან მივიღებთ ძალიან მნიშვნელოვან მხარდაჭერას და სწორედ საქართველოში შეიქმნება ის პლატფორმა, რომელიც საშუალებას მისცემს ამერიკულ ბიზნესს, უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი ჩვენშ რეგიონში. როდესაც მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკისგან გვაქვს ასეთი მხარაჭერა, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენ გვაქვს ყველა წინაპირობა, ვიყოთ წარმატებული იმ სტრატეგიაში, რომელიც სწორედ საქართველოს აქცევს რეგიონის ეკონომიკურ ცენტრად”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ამერიკელ მეგობრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ვიზიტი ძალიან წარმატებულია.

“ჩვენ შევთანხმდით ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტებსა და პრინციპებზე, რომლებიც შემდეგი წლების განმავლობაში იქნება იმის გარანტი, რომ საქართველო განვითარდება სტაბილურად, მშვიდობიან გარემოში და ჩვენი ეკონომიკური ზრდა იქნება ხელშესახები, ინკლუზიური და საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე აისახება”, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მემორანდუმის თანახმად, ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და ვაჭრობის მასშტაბების გაზრდის მიზნით, მხარეები დიალოგს კიდევ უფრო გაააქტიურებენ და ხელს შეუწყობენ ბიზნესწრეებს შორის პირდაპირი კონტაქტების დამყარებას. ასევე გაგრძელდება კომერციული სამართლის განვითარების პროგრამა(CLDP),რომელიც ხელსუწყობს კომერციული ეკონომიკური მიმართულებების განვითარებას საქართველოში და პროგრამა SABIT-ი (Special American Business Internship Training),რომელიც ეხმარება ქართულ ბიზნესს ამერიკულ კომპანიებთან დაახლოებაშიგამოცდილების გაზიარებასა და პარტნიორობის გააქტიურებაში (Special American Business Internship Training). დოკუმენტით ასევე გათვალისწინებულია ინფორმაციის გაცვლა ორივე მხარისთვის საინტერესო საკითხებზე; საწარმოებისა და ორგანიზაციების მონაწილეობის წახალისება გამოფენებში, ბაზრობებში, ბიზნესფორუმებში, სავაჭრო მისიებსა და ინვესტორებთან სერიულ შეხვედრებში, რომლებიც მემორანდუმის მონაწილე ქვეყნების ტერიტორიებზე და მათ ფარგლებს გარეთ გაიმართება.

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com