ევროსასამართლო ბულგარეთს მოუწოდებს, ქურდობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე ირანს არ გადასცეს

08 აპრილი, 2019 181


                    ევროსასამართლო ბულგარეთს მოუწოდებს, ქურდობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე ირანს არ გადასცეს




ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ბულგარეთს მოუწოდებს, რომ ქურდობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე გერონტი სალია ირანს არ გადასცეს, რადგან იქ მას წამება და არაადამიანური მოპყრობა ემუქრება. აღნიშნული გან­ცხა­დე­ბა უწყე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზეა გამოქვეყნებული.

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს პრეს­რე­ლი­ზის მი­ხედ­ვით, გერონტი სალია ქურდობაშია ბრალდებული, რაც ირანში გამათრახებით ისჯება და სავარაუდოდ, ბრალდებულს ირანული კანონების მიხედვით 74 როზგი ემუქრება. შესაბამისად, უწყების ინფორმაციით, მოსარჩელის ირანული მხარისთვის გადაცემით, დაირღვევა ევროპული კონვენციის მესამე მუხლი, რომელიც წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას კრძალავს.

არსებული ინფორმაციით, 1951 წელს დაბადებული გერონტი სალია, რომელიც 2016 წელს საქართველოდან ბულგარეთში ჩავიდა, აეროპორტშივე დააკავეს, რად­გან ინ­ტერ­პო­ლის წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით იძებ­ნე­ბო­და. მას ბრალად ედება თეირანში მდებარე ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან 50 000 ევროს მოპარვა. 2017 წლის აპრილში სოფიის სასამართლომ მისი ირანში ექსტრადირება გადაწყვიტა, რადგან ირანული მხარისგან დაპირება მიიღო, რომ ბრალდებულის მიმართ არ იქნებოდა არაადამიანური მოპყრობა გამოყენებული.

როგორც ბულგარეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელმა ვაჟა გვარამიამ ambebi.ge-ს განუცხადა, საელჩო აქტიურადაა ჩართული ამ საქმეში და მსჯავრდებულიც არაერთხელ მოინახულეს ციხეში.

„მოგეხსენებათ, სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სავალდებულოდ შესასრულებელ ხასიათს ატარებს, თუმცა მხარეებს აქვთ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებაც, იმავე სტრასბურგის სასამართლოში. ასეთ შემთხვევაში პროცესები კიდევ უფრო გაჭიანურდება. თუ სამთვიან ვადაში მხარეები ამ გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებენ, მსჯავრდებული გათავისუფლდება. სამთვიანი ვადა მიმდინარე წლის 4 ივლისს იწურება.
რაც შეეხება ჩვენი უწყების პოზიციას, ჩვენი სურვილია, რომ მისი ექსტრადირება არ მოხდეს ირანში. ჩართული ვართ ამ პროცესში და შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ,“ - განაცხადა ვაჟა გვარამიამ.скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: