ამბები




,,ქუთაისის პასუხი ადეკვატური იქნება"-ინტერვიუ ეკა ფხაკაძესთან


,,ქუთაისის პასუხი ადეკვატური იქნება"-ინტერვიუ ეკა ფხაკაძესთან


  საინიციატივო ჯგუფი „დატოვე პარლამენტი ქუთაისში“ ბრძოლას აგრძელებს, თანამოაზრეების კონსოლიდაციას ახდენს და პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობას იწყებს. ამის შესახებ ჯგუფის წევრებმა ჟურნალისტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე განაცხადეს . ეკა ფხაკაძე, ჟურნალისტი და აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივრსიტეტის ლექტორია. იგი საინიციატივო ჯგუფის წევრი და მოძრაობის ,,დატოვე პარლამენტი ქუთაისში“ ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია. შევეცადეთ ეკასთან გაგვერკვია, რა რესურსი გააჩნია ქალაქს განვითარების თითქმის დაკარგული შანსის დასაბრუნებლად.

 - ეს უკვე ქარის წისქვილებთან ბრძოლას ჰგავს. რეალობას , ხომ არ აცდით ?  


 - რეალობას და სახელმწიფოს თანამედროვე განვითარების გზას, ის გუნდი აცდა, ვინც პარლამენტის თბილისში გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყნის რეგიონების თანაბრად განვითარებაზე ზრუნვის ნაცვლად, ბოლო 6 წლის განმავლობაში,ქუთაისიდან ყველა მნიშვნელოვანი დაწესებულება წაიღეს : სემეკი, კონტროლის პალატა, საგზაო დეპარტამენტი, უფუნქციოდ დატოვეს მთავრობის სახლი. პარლამენტის თბილისში გადატანით ხელისუფლებამ ქუთაისთან მიმართებაში წითელი ხაზი გადაკვეთა. ჩვენ ვაპროტესტებთ დღევანდელი მთავრობის დამამცირებელ, პროვინციულ პოლიტიკას რეგიონებისადმი. ჩვენ არ გვაკმაყოფილებს ქუთაისის დიდებული წარსულით ტკბობა, ჩვენ ვითხოვთ ღირსეულ აწმყოს და მომავალს. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ! პარლამენტს ქუთაისისთვის ალტერნატივა არ აქვს!

 -რას გულსხმობთ, როდესაც აცხადებთ, რომ ღია ხართ პოლიტიკური პარტიებისთვის?

 - რეალობა, რომლის წინაშეც ჩვენ ხელისუფლებამ დაგვაყენა გვაიძულებს ვითანამშრომლოთ იმ ოპოზიციურ პარტიებთან, რომლებიც მკაფიოდ განაცხადებენ, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პარლამენტის ადგილმდებარეობაქუთაისი იქნება.უფრო მეტიც, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომგზავნილის -„ქუთაისი საპარლამენტო ქალაქია“- გარეშე, ამ ქალაქში წარმატებული წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება ვერც ერთმა პარტიამ ვერ შეძლოს.

  - აქციას „დატოვე პარლამენტი ქუთაისში“ სხვა დანარჩენ თემებისგან რა გამოარჩევს ?

  - ეს არის თემა , რომელიც პირადად ეხება ყველა ქუთაისელს, წყალტუბოელს.. გლობალურად ეხება თელაველს, ზუგდიდელს, გორელს... რადგან მათ ქალაქებსაც არ მოექცნენ ისე, როგორც ქუთაისს და მათ ქალაქებსაც და კუთხეებსაც მიეცეს განვითარების პერსპექტივა.



 - თუ ყველა ქუთაისელს ეხება ეს თემა, როგორც ამბობენ, რატომ ვერაფერი იგრძნო ქუთაისმა პარლამენტის აქ ყოფნით?

  -ჩვენ შევქმენით ვიდეოგროლები სწორედ იმისთვის, რომ მოკლედ და მარტივად გაგვეცა პასუხიკითხვებზე , რომლითაც დღევანდელი ხელისუფლება „აპრავებს“ პარლამენტის თბილისში გადატანას. „რა გაგიკეთათ პარლამენტმა ამ 6 წლის მანძილზე?“ „ რას ელოდით პარლამენტისგან ?“ პარლამენტისგან ველოდით ცვლილებებს ყველა მიმართულებით არა მხოლოდ ქუთაისში , არამედ მთლინად რეგიონში. პოლიტიკური ცენტრის სტატუსი თავისთავად მოითხოვს ქუთაისის ბიუჯეტის გაზრდას და ზრუნვას ინფრასტუქტურაზე, დანარჩენს კერძო ბიზნესი და ინვესტიციები განავითარებს. იმ სიკეთეებს, რომელსაც მყარი საპარლამენტო სტატუსი მოუტანს ქუთაისს იგრძნობს ყველა პროფესიის ადამიანი - ტაქსის მძღოლი, მეყვავილე, დალაქი, მიმტანი, მუსიკოსი, მსახიობი, ექიმი, იურისტი, ეკონომისტი, მეწარმე...დღეს ამის ახსნა არ მოგვიწევდა,ეს 6 წელი რომ პარლამენტს ქუთაისში სრული დატვირთვით ემუშავადა არა გავლით , თვეში ორჯერ , ორ-ორი დღე . მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს მიერ არჩეულ დეპუტატებს პროვინციული აზროვნება აქვთ და ეთაკილებათ ქუთაისში ცხოვრება, მთელი სტაფი (800 კაცზე მეტი) ეს 6 წელი თბილისში მუშაობდა, კომიტეტების სხდომები თბილისში ტარდებოდა, საერათაშორისო დელეგაციების მიღებები თბილისში იმართებოდა, მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნა თბილისში ხდებოდა. ეს არის პასუხი კითხვაზე, რა გაგიკეთათ პარლამენტმა ამ 6 წლის მანძილზე.

   -პრეზიდენტი თვლის, რომ ქუთაისმა „არც არაფერი დაკარგა“... რისი იმედი გაქვთ ?

   - სწორედ იმის იმედი გვაქვს, რა შედეგიც ქუთაისმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში დადო. მეორე ტური როგორც ჩატრდა ყველამ ვიცით და აქ ამისთვის დროს არ დავკარგავ. რაც შეეხება პირველ ტურს , ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა რუსთავის შემდეგ ყველაზე ნაკლები ხმა ქუთაისში მიიღო. თუ ვინმეს , იქ ზემოთ, რაიმე ანალიზის უნარი შერჩა და ქუთაისს ცოტათი მაინც იცნობს, უნდა მიხვდეს, რომ ეს მხოლოდ ოპოზიციის მხარდაჭერა არ იყო. ეს შეურაცყოფილი ქუთაისი იყო. რადგანაც ეს გზავნილი ხელისუფლებამ ან , თუ გნებავთ ,“ ხელისუფალმა“ არაფრად ჩათვალა , ქუთაისის პასუხიც ადეკვატური იქნება.

   -გჯერა, რომ ახალი მოწვევის პარლამენტი 2020 წელს ფიცს ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტში დადებს ?

  -მჯერა, რომ შემდეგი მოწვევის პარლამენტისაბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს იმის შესახებ, რომ საქართველოს პარლამენტის ადგილმდებარეობა იქნება ქუთაისი და საბოლოო ეს გადაწყვეტილება იქნება იმიტომ, რომ ის მოქალაქეების მოთხოვნას ასახავს.

   - ფიქრობთ თუ არა, რომ რაღაც ეტაპზე, ამ მოძრაობას ხელისუფლება დაუპირისპირდეს ? 

   -რეალობა ისაა, რომ ხელისუფლება თავისი გადაწყვეტილებით უკვე დაუპირისპირდა ქუთაისს. 6 წლის მანძილზე ისინი უბრალოდ გვატყუებდნენ, რომ პარლამენტი არ გადავიდოდა თბილისში და პარალელურად ჯერ კონსტიტუციიდან, შემდეგ რეგლამენტიდან ამოიღეს ჩანაწერი. ბოლოს კი დამშვიდობების დროს „ცრემლმორეულებმა“ გვითხრეს, რომ ქუთაისის დატოვება ენანებათ... ქუთაისიც „ცრემლმორეული“ გასცემს პასუხს... ქუთაისლები შესაძლოა არ იყვნენ პოლიტიკურად აქტიური მოქალაქეები, მაგრამ ღირსების განცდა არ დაუკარგავთ. 

   -თქვენი გზავნილი თანაქალაქელებს.

   - ჩვენ გვჭირდებით თქვენ, ყველა, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს სწორი განვითარება , გელოდებით 12 მარტს აქციაზე „დატოვე პარლამენტი ქუთაისში“! ვაჩვენოთ ხელისუფლებას, როგორია ქალაქი, რომელიც ღირსებას იცავს!




       ინტერვიუს ავტორი ნანი თოშხუა

     
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com