სასამართლომ 81 წლის ე.წ. სახალხო მკურნალი თაღლითობაში დამნაშავედ ცნო

11 თებერვალი, 2019 239


2019 წლის 8 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ე.წ. სახალხო მკურნალის ლ.ნ.-ს მიმართ, რომელსაც ბრალად ედებოდა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით.
საქმის არსებითად განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, სასამართლომ 81 წლის ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდებულის ასაკი,  მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და  მიზანშეწონილად  არ მიიჩნია თავისუფლების აღკვეთის გამოყენება. აღნიშნულის გათვალისწინებით,  ბრალდებულს სასჯელის სახედ დაეკისრა ჯარიმა - 10 000 ლარი.
საქმის მასალების თანახმად, ბრალდებული, რომელსაც არ გააჩნდა სამედიცინო განათლება  და სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია, მუშაობდა რა ქალიშვილის  კუთვნილ კლინიკაში, ცერებრალური დამბლით დაავადებულ პაციენტის მშობლებს დაპირდა, რომ სამი თვის განმავლობაში პაციენტს ჩაუტარებდა სამედიცინო პროცედურებს და გააუმჯობესებდა მის მდგომარეობას. კლინიკაში გატარებული თითოეული დღისთვის კი პაციენტის მშობლებს უნდა გადაეხადათ 420 ლარი.
2010 წლის 10 ნოემბერს, ნ.ა. დააწვინეს ქ.თბილისში მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში, რომელსაც იმ პერიოდისათვის სტაციონალური დაწესებულების ნებართვა  არ გააჩნდა. ბრალდებულმა პაციენტი მოათავსა ხის ჯვრის ფორმის ტრავმატოლოგიურ საწოლზე. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულმა იცოდა, რომ ვერ განკურნავდა ცერებრალური დამბლის მქონე პაციენტს, მშობლებს მკურნალობისათვის გაწეული საფასურის სახით, მოტყუებით 2010 წლის 10 ნოემბრიდან - 2011 წლის 19 თებერვლამდე პერიოდში, გადაახდევინა 27 800 ლარი.скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: