27 წლის ბიჭის სიცოცხლე მაღაროში დასრულდა

05 აპრილი, 2018 13 030


27 წლის ბიჭის სიცოცხლე მაღაროში დასრულდა
ტყიბულში მორიგი ტრაგედია დატრიალდა. 5 აპრილს,  გამთენიისას, დაახლოებით დილის 4 საათზე, მაღაროში მომხდარ უბედურ შემთხვევას 6 მაღაროელი ემსხვერპლა, სამმა კი სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. მოგვიანებით "საქნახშირის" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უბედურება არა ცუდმა სამუშაო პირობებმა, არამედ ბუნებრივმა, სამთო დარტყმამ გამოიწვია. ე.წ. სამთო დარტყმა ქანების უცაბედი მოძრაობის შედეგად ვითარდება, რასაც ამ ქანების ჩამონგრევა მოსდევს. 

სხვაგვარად ფიქრობენ, მაღაროელთა ოჯახის წევრები, რომელთა თქმითაც, ტყიბულის შახტი უკვე იმდენჯერ ჩამოინგრა
 
 
და იმდენი ადამიანი გააუბედურა, რომ სრულიად ცხადია, მაღარო წესების დარღვევით მუშაობს. დაღუპულთაგან ყველაზე უმცროსი - გიორგი ბოჭორიშვილი 27 წლის არის.  ოჯახის ახლობელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, გვითხრა, რომ მაღაროში, 400 მეტრის სიღრმეზე, 7 წლის განმავლობაში მუშაობდა. იგი მაღაროელის ხელფასით 3 პატარა შვილისა და დედ-მამის შენახვას ვეღარ ახერხებდა, გამოსავალს უცხოეთში სამუშაოდ გამგზავრებაში ხედავდა, თუმცა აღარ დასცალდა... 

- ტყიბულის მაღაროში გიორგივით კარგი ბიჭი უკვე იმდენი დაიღუპა, გიოს გამორჩეულობაზე ლაპარაკის მერიდება, არადა, მართლა უსაყვარლესი ბიჭი იყო. გიორგის მამაც ძველი მაღაროელია, მან 30 წელი იმუშავა მაღაროში და სწორედ ამის გამო დაინვალიდდა; მამას შვილის მიწისქვეშ ჩაშვება არ უნდოდა, - 
 
 
მე რა გავაკეთე, შენ რომ არ ჩახვიდე მიწაშიო, მაგრამ გიორგიმ 20 წლისა ასაკში შეირთო ცოლი და აიჩემა, - მე უკვე ოჯახი მყავს, სხვა სამსახურს მაინც ვერ ვიშოვი, ამიტომ ოჯახის სარჩენად უნდა ვიმუშაოო... 

მერე ისე მოხდა, რომ გიორგიმ და მისმა ცოლმა ერთმანეთს ვერ გაუგეს და გოგონა მშობლიურ რაიონში დაბრუნდა. გიორგიმ შესთავაზა, - შენ თუ შვილის გაზრდას ვერ შეძლებ, კარგად დაფიქრდი, ბავშვს მე დავიტოვებ და გავზრდიო.
მოკლედ, გიორგიმ შვილი დაიტოვა და წლინახევრის შემდეგ ხელახლა დაქორწინდა. საოცრად კარგი გოგონა მოიყვანა ცოლად, - ჭკვიანი, თბილი და ადამიანური.  ბავშვი უკვე 6 წლის არის, საკუთარივით ზრდის. წყვილს კიდევ ორი შვილი  შეეძინა, ერთი ახლა ორწლინახევრის არის, ერთიც - მხოლოდ წლის. გიორგი ამ სამ ბავშვს და დედ-მამას თავის ხელფასით ინახავდა, - შვილი ხომ კარგი იყო, მამაც სოცარად მოსიყვარულე და თბილი გამოდგა. ახლა კი ამ ოჯახმა ერთადერთი მარჩენალი დაკარგა, რომელმაც მხოლოდ 27 წელი იცოცხლა ამ ქვეყნად. ამ უბედურებით აღარ ვართ…

ამ დროს კი ადმიანისტრაცია გაიძახის, ჩვენი ბრალი არაფერი ყოფილაო. განა შეიძლება შახტი წელიწადში ორჯერ ინგრეოდეს? ერთი წელიც არ არის გასული მას შემდეგ, რაც ამ შახტში 4 ახალგაზრდა მაღაროელი დაიღუპა. მათ ის ურჩევნიათ, იმაზე იფიქრონ, გიორგის სამ პატარს როგორ დაეხმარონ. 

- ბავშვებს სხვა მარჩენალი არავინ ჰყავთ?
- გიორგის დები ჰყავს, რომლებსაც თავიანთი ოჯახები აქვთ. ისინი ბავშვებისთვის ყველაფერს გააკეთებენ, მაგრამ დღეს განა ვის რა გააჩნია, ამ გაღატაკებულ ქვეყანაში? საოცრად მეცოდება გიორგის ცოლი, ახლა მას დააწვა ყველაფერი მხრებზე...

ნეტავ, მოესწრო გიორგის უცხოეთში წასვლა, - პოლონეთში, ისევ მაღაროში სამუშაოდ აპირებდა გამგზავრებას, იქ პროფესიონალებს ეძებენ და იმდენს მაინც გადამიხდიან, ბავშვები დავზარდოო, მაგრამ არ დასცალდა... ტყიბულის მაღარომ მისი ლამაზი ოჯახიც დააქცია...
KVIRISPALITRA.GEскачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: