ამბები

ქუთაისში დაწყებული გალაკტიონის სიყვარულის ტრაგიკული ისტორია


ქუთაისში დაწყებული გალაკტიონის  სიყვარულის ტრაგიკული ისტორია


შეხვედრა  შემთხვევით  ქუთაისის ერთ-ერთ ქუჩაზე მოხდა. 
გალაკტიონ ტაბიძე და მისი ბიძაშვილი ტიციანი ქუჩაში მოდიოდნენ, როცა მარტო მომავალი გოგონა შენიშნეს. ეს გოგონა ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებლის მოსწავლე ოლია ოკუჯავა გახლდათ. 

ოლია მერივით მშვენიერი არ ყოფილა. მეტიც, მასზე ლამაზიც არ ითქმოდა და ამასთანავე, პოეტზე უფროსიც გახლდათ, მაგრამ...
ოლია უაღრესად განათლებული პიროვნება იყო. საერთოდ, მისი ოჯახი ინტელექტით ყოველთვის გამოირჩეოდა. ძველი ბოლშევიკების, მიხეილ და ვასილ ოკუჯავების და - საშუალო სიმაღლის, გამხდარი და მორცხვი გოგონა - სოციალისტური ხელისუფლებისთვის თავგადაკლული მებრძოლი იყო. 

მას რუსული განათლება ჰქონდა მიღებული. ოლია აღმერთებდა გალაკტიონის პოეზიას და თავად გალაკტიონს. 
1913 წელს, გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, ოლია პედაგოგად გაამწესეს ჭიათურაში, სადაც მალე მოიპოვა სიყვარული და პატივისცემა.
მას შემდეგ, რაც შენ წადი, რაღაც საშინელმა სიცარიელემ მოიცვა ჩემი არსება… სიცარიელემ, რომლის განადგურებას, არ ვიცი, რანაირი მდგომარეობა შეძლებს და რა არის მისი წამალი? …როდესაც შენ აქ იყავი, მე შემეძლო, დამენახე შენ… ჩემთვის უბრალოდ შენს ახლოს ყოფნა საკმარისი იყო, რომ შენ გარდა არაფერზე არ მეფიქრა. როდესაც მწარე ფიქრები, სევდიანი და სასოწარკვეთილი სულიერი განწყობილება შემიპყრობდა, მე მოვქროდი შენსკენ, თუმცა არც შენგან მესმოდა დამამშვიდებელი საუბარი, მაგრამ უბრალო სიახლოვე საკმარისი იყო ჩემთვის. ვიმეორებ, ჩემს გულს საშინლად სწამლავდა შენიანების იქ ყოფნა. მე ყოველთვის ვგრძნობდი, რომ უცხო, ძალიან უცხო და არასასიამოვნო პირი ვიყავი დედაშენისთვის, მე ვგრძნობდი, რომ ყველა გულში ან დამცინოდა, ანდა კვირობდა ჩემს ხშირ სტუმრობას… მე ვგრძნობდი, რომ რაღაცნაირი სიცივე შემქონდა თქვენს სახლში და მინდოდა მეყვირა, რომ არავინ არ მინდა შევაწუხო, რომ მხოლოდ ოლიასთან ყოფნა მინდა-მეთქი“, - წერდა გალაკტიონი 1914 წლის 6 იანვრით დათარიღებულ წერილში ოლიას. 

საქმე ის გახლდათ, რომ ოლიას მამას რომანტიკოსი პოეტის სიძობის პერსპექტივა არ ხიბლავდა და შვილს გალაკტიონთან ურთიერთობას უკრძალავდა. ამის გამო, შეყვარებულები ერთმანეთს ფარულად ხვდებოდნენ, თუმცა მალე სტეფანე ოკუჯავას წინააღმდეგობა გატყდა და 1916 წელს ოლიამ და გალაკტიონმა ჯვარი დაიწერეს. 
ოლია თავგანწირული მეუღლე გამოდგა. მან მშვენივრად იცოდა გალაკტიონის ფასი და აღიარებდა მის გენიალურობას. 
...მაგრამ ახალდაქორწინებულებს მშვიდი და ბედნიერი ცხოვრება არ ეწერათ. 
1920-იანი წლების ბოლოდან საბჭოთა კავშირში შიდაპოლიტიკური დაპირისპირებები და ძველი ბოლშევიკების დევნა დაიწყო. თავდაპირველად, დააპატიმრეს ოლიას ძმა მიხეილ ოკუჯავა, 1929 წელს კი ოლიას დროც დადგა - გალაკტიონის მეუღლე უზბეკეთში გადაასახლეს.

მოგვიანებით, პოეტი დაწერს ლექსს „უკანასკნელი მატარებელი“: 
ცხოვრების ეტლის სადარებელი / საცაა გავა მატარებელი. / მიემგზავრება იმედი ჩემი / ბედის ვარსკვლავის სადარებელი. / ვიცი, ამ წასვლას რა ეწოდება, / რა საჭიროა ეხლა გოდება. / მატარებლისგან როს მიმიღია / ან თანაგრძნობა, ან შეცოდება? / აჰა, დაიძრა რკინის ბორბლები, / მივდევ ვაგონებს, / მახრჩობს გრძნობები./ გემშვიდობები სამარადისოდ, / სამარადისოდ გემშვიდობები! / ნეტავ ასეთი რად მერგო ბედი, / ყოველჟამს ვკარგო თითო იმედი, / გამოსალმების ხელოვნებისთვის / ნუთუ არვინ არს პოეტის მეტი?/ 

„მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა / ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები / იგი ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით / ფრთებით დაიფარე ამას გევედრები“...
1932 წელს გალაკტიონს ლიტერატურული მოღვაწეობის 25 წლის იუბილე გადაუხადეს, ლენინის ორდენი მიანიჭეს და მისი მეუღლე გადასახლებიდან დააბრუნეს... მაგრამ იმისთვის, რომ მეორედ და საბოლოოდ გადაესახლებინათ და სიკვდილით დაესაჯათ. 
მეორე გადასახლებამდე გალაკტიონმა და ოლიამ ქობულეთში დასვენება მოასწრეს. 
16 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე ქობულეთში ვისვენებდით... წყნარად, წყნარად იყავი ზღვავ, ნაზი ალერსით დაამშვიდე ჩემი გალკი!“ - წერდა ოლია თავის დღიურში. 
1937 წელს ოლია მეორედ და უკვე მიმოწერის უფლების გარეშე გადაასახლეს. 
ჯერ თბილისის ციხეში ჩასვეს, მერე ვლადიმირის ციხეში გაამგზავრეს, შემდეგ ორიოლის ციხეში გადაიყვანეს.
გადასახლებაში მყოფი ქალის ფიქრები სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე გალაკტიონს უკავშირდებოდა. თავადაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი, ქმრის ჯანმრთელობასა და ცხოვრების მძიმე პირობებზე დარდობდა, რაც კარგად ჩანს მისი წერილებიდან:

ჩემო ძვირფასო, როგორ ვდარდობ, როგორ ვდარდობ შენზე. ასე მგონია, თავის დროზე არაფერი გაქვს - სიმშვიდე, სიმყუდროვე. მინდა, რომ არ გვჭირდებოდეს არაფერზე ფიქრი და ზრუნვა. როგორ მსურს, ვიყო შენს გვერდით, რათა გქონდეს ყველაფერი აუცილებელი იმისთვის, რომ სრულყოფილად დაისვენო, იმკურნალო და შემდეგ ხელახლა შეუდგე შემოქმედებით შრომას. ასე არ შეიძლება, ჩემო კარგო, უნდა იფიქრო ჯანმრთელობაზე და ისე მოიქცე, როგორც მე გწერ. გააკეთე ეს ჩემი ხათრით, თუ გინდა, რომ შემდეგ კარგად იმუშაო. შენ პატარა ბავშვივით ხარ, სრულებით ვერ ერკვევი პრაქტიკულ საკითხებში და მე გული მტკივა, რომ არ შეგიძლია, მიხედო შენს თავს“.

4 ივლისს მე ისევ მივიღე სამასი მანეთი. მერიდება, ამდენ თანხას რომ მიგზავნი, შენ კი, ალბათ, უარს ამბობ ყველაფერ აუცილებელზეც კი. ეგების ჩემი გულისთვის შიმშილობ კიდეც? მაშინ ნაკლები გამომიგზავნე, გემუდარები!..

„ძალიან ძნელია უშენობა, გალ! ტკივილამდე ძნელია! ცრემლებს ვერ ვიკავებ. თურმე როგორ უგონოდ მყვარებიხარ, ჩემო გალ! გკოცნი უსასრულოდ... მე შენი მკერდი ცრემლით დავნამე, გალ, მინდა ძლიერ ჩაგეკონო, ისე ძლიერ, რომ...
გალაკტიონისთვის გამოგზავნილი ოლიას უკანასკნელი წერილი 1941 წლის 19 მარტითაა დათარიღებული:

ჩემო ძვირფასო, ჩემო უგონო სიყვარულო! აი, მიიღე ჩემგან ეს მინდვრის ყვავილები. ისინი ნორჩებია და უტყვი, მაგრამ მაინც თავდავიწყებით მოისწრაფვიან შენსკენ. ჩემო ძვირფასო, ყოველდღიურად გადავცემ შენს მოკითხვებს ჰაერის ტალღებს. გესმის? ხო, მე არ ვიღებ შენს წერილებს. ო, მე მიყვარს დუმილი, მაგრამ რარიგ ძნელია, მთელი სიცოცხლე ესაუბრო დუმილს. არ გსაყვედურობ. არ არის საჭირო. მაინც მოგწერ და მოგწერ ბარათებს, სანამ ცხოვრების ქარიშხალი სამუდამოდ არ დამიხუჭავს თვალებს“. 

ვინაიდან ოლია მიმოწერის უფლების გარეშე იყო გადასახლებული, გალაკტიონს მისთვის საპასუხო წერილების გაგზავნა აკრძალული ჰქონდა, თუმცა ეკონომისტი ქალის, ოლგა დარიუსის ხელით ცოლისთვის რამდენიმე ბარათის გაგზავნა მაინც მოახერხა. 
1941 წლის 11 სექტემბერს ოლღა ოკუჯავა მედვედევოს ტყეში ტროცკისტობისა და მოღალატის ბრალდებით დახვრიტეს.
იყო თუ არა ოლია ოკუჯავას თავგანწირულ სიყვარულზე გალაკტიონის საპასუხო გრძნობა ასეთივე ძლიერი? 
პოეტის წერილებიდან ჩანს, რომ იყო და თუ არ აღემატებოდა, არც ჩამორჩებოდა თავგანწირვასა და ვნებების სიმძაფრეში: 
რას იზამ, ოლკინ, მე რომ მოვკვდე? მაგალითად, მოვკვდი და აღარაა ქვეყანაზე გალონი. მოკვდა საწყალი გალონი და დაასაფლავეს. რას იზამ მაშინ? მოხდა ისე, რომ მე მოვკვდი სადღაც შორს, ცივ ქვეყანაში, ან მოვკვდი საზიზღარი და სამარცხვინო სიკვდილით… მოკვდა გალონი ძაღლივით. რას იზამ ჩმოკლინ? იტირებ თუ არ იტირებ? ჩემო ძვირფასო, ერთადერთო მეგობარო, ერთადერთო ნუგეშო და დიდო ადამიანო, ჩემო ჩმოკლინ, ჩემო პატარა ჩმოკლინ… დეე, ნუ გეყვარები, მაგრამ ნურასდროს ცუდს ნუ გაიფიქრებ და ნუ იტყვი ჩემზე. გებრალებოდეს შენი საწყალი გალონი, შენი მუდამ მოყვარული მგოსანი გალონი. გალონმა შენ ბევრი გაწყენინა, მაგრამ გალონი ცუდი ბიჭი როდია, - გალონს შენ ძალიან, ძალიან უყვარხარ“, - წერდა გალაკტიონი ოლიას 1914 წლის 31 აგვისტოთი დათარიღებულ წერილში.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com