ექიმების ძალისხმევით გადარჩენილი დედა- შვილის სიცოცხლე

28 ივნისი, 2017 1 931


ქუთაისის მე-3 სამშობიარო სახლში ექიმებისა და მედ-პერსონალის თავდადებამ ახალგაზრდა ორსული ქალისა და ნაყოფის სიცოცხლე იხსნა. 24 ივნისს უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ფეხმძიმე ქალი ოჯახის წევრებმა სამშობიაროში მიიყვანეს. ექიმების შეფასებით, ორსულისა და ნაყოფის მდგომარეობა კრიტიკული იყო. ახალგაზრდა ქალბატონი, რომელსაც ოპერაციის დროს გული რამდენჯერმე გაუჩერდა, ექიმებმა - ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა ბათუ დანგაძემ და მეან-გინეკოლოგებმა - ზურაბ უგრეხელიძემ, დავით ჯანელიძემ და სოფიო ხეცურიანმა იხსნეს.
 
ქუთაისის მესამე სამშობიაროში აცხადებენ, რომ მსგავსი სირთულის შემთხვევა იშვიათია და მოხარულები არიან, რომ წლებია უმძიმესი პაციენტები აღნიშნული სამშობიაროდან ჯანმრთელები ეწერებიან.
 
,,ეს იყო უმძიმესი იმათ შორის, რაც ამ ხნის განმავლობაში მინახავს, მაგრამ ჩვენმა პროფესიონალიზმმა, ჩვენი კოლექტივის ერთგულებამ და  ერთად დგომამ ამ ქალის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო'' - აცხადებენ სამშობიაროში.

გადარჩენილი დედა-შვილის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.  

მესამე შვილისა და ცოლის გადარჩენით ბედნიერი მამა მესამე სამშობიაროს მედ-პერსონალს მადლობას უხდის:

,,ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, მეუღლე თითქმის გარდაცვლილი მოვიყვანე, იმედიც არ მქონდა გადარჩენის. თავდაუზოგავი შრომით მეუღლე გადამირჩინეს, ბავშვი ინკუბატორშია. დიდი მადლობა მთლიანად საავადმყოფოს და მე-3 სამშობიაროს'' - აცხადებს ვაჟა უგრეხელიძე.
скачать dle 12.0
ვიდეო:
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: