ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იმამურა აკირა ეწვევა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს დღეს იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იმამურა აკირა ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ელჩი KIU-ს ხელმძღვანელობას შეხვდა და სტუდენტებს საჯარო ლექცია თემაზე – “იაპონია ომის შემდეგ: წარმატებები და გამოწვევები” წაუკითხა, ასევე, გაეცნო და დაათვალიერა საუნივერსიტეტო ქალაქი.
მიმდინარე კვირიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განაახლა. უნივერსიტეტში დაცულია უსაფრთხოების ზომები და სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ,კოვიდ-რეგულაციების გათვალისწინებით, ისწავლონ და იცხოვრონ კამპუსზე.
ამჟამად, KIU-ში სწავლება სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე – მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერებები მიმდინარეობს.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2021-2022 აკადემიური სასწავლო წლისთვის სტუდენტების ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება. მიმდინარე გაზაფხულზე აბიტურიენტებისთვის დაგეგმილია ღია კარის დღეები. ასევე, მშობლებისა და აბიტურიენტებისთვის რეგულარულად ტარდება საინფორმაციო შეხვედრები.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური უნივერსიტეტია, რომელიც ქართველ და უცხოელ სტუდენტებს უნიკალურ კამპუსს, ინფრასტრუქტურასა და სასწავლო პროგრამებს სთავაზობს. სტუდენტებს საშუალება აქვთ, იცხოვრონ და ისწავლონ კეთილმოწყობილ საუნივერსიტეტო ქალაქში, მიიღონ ხარისხიანი უმაღლესი განათლება და ქართველ და უცხოელ პროფესორებთან ერთად ჩაერთონ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში. სტუდენტები, გარდა აკადემიური და სასწავლო პროცესისა, აქტიურად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა პროფესიულ კლუბში, შიდა კონკურსსა და ოლიმპიადაში. უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტია თUM-ის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ა. ჰერმანი. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა ინგლისურ ენაზე ხორციელდება და სტუდენტებს ქართველი და ევროპელი პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიან.