...
ამბები

ულამაზესი სოფელი გადასაჭრელი პრობლემებით

Avatar
T:555 000 289

იმერეთი როგორიაო, რომ მკითხონ მოყოლას ჩემი სოფლიდან დავიწყებ, რადგან კინჩხა გამორჩეული სოფელია თავისი მდებარეობით, მცხოვრებლებით, ღირსშესანიშნაობებით და სტუმართ-მასპინძლობით. კინჩხა იმერეთის ჩრდილო-დასავლეთში მდებარეობს და ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია. სოფლის ძირითადი ტერიტორია ზღვის დონიდან 800 მეტრზე მდებარეობს. ქუთაისიდან ხონამდე, სოფლების გავლით და ხონიდან კინჩხამდე ტყეების პეიზაჟით ერთი დიდი გზა მიუყვება. გზით ისიამოვნებს მარტო კაცი.

ულამაზესი სოფელი გადასაჭრელი პრობლემებით

ხონის შემდეგ პეიზაჟი იცვლება. გზა მაღლა ადის, იზრდება, ირგვლივ ხეებია, პატარა და დიდ მდინარეებსაც შეხვდებით, ნაცნობსაც წააწყდებით აუცილებლად. ადრე სამანქანაო გზა მთავრდებოდა სოფელ გორდში და მერე იწყებოდა მარჯვნივ-მარცხნივ წარამარა გადახრა და ჯაგჯაგი. ახლა კი გზა წყალვარდნილამდეცაა მიყვანილი.

კინჩხა თავისი ოდა სახლებით, მწვანე ეზოებში ჩაფლული აივნებითა და სტუმართმოყვარეობით მსოფლიოშია ცნობილი. ეზოებს მიღმა, სახლებზე გადმოწოლილი კლდეები გადმოგყურებს. ჩრდილო-დასავლეთიდან სოფელს თავს დაჰყურებს ზღაპრული სილამაზის მქონე კინჩხისა და თურჩუს მთები, მდინარეების ნაბეჩოსა და ოკაცის თეთრად მოკამკამე მდინარეები. უფრო დასავლეთით ბუნების საოცრება, კლეიდას ჟანგისფერი უფსკრულია. მის თავზე არის ჯვარი, რომელიც 20-25 წლის წინ აიტანეს და გააკეთეს სოფლის რამდენიმე მკვიდრმა.


წყალვარდნილი ეს სოფლის მშვენებაა. შორიდანვე დაინახავთ ამ საოცრებას. მაღლიდან ჩანჩქერის ხმა გესმის და კამკამა წყარო გიკლავს სურვილს. ლომინას ტბაც ულამაზესია. ამ ტბას, ირგვლივ სულ ტყე აკრავს, რომელიც არაჩვეულებრივ პეიზაჟებს ხატავს. კამკამა წყალი გადმოჩქეფს ჩანჩქერიდან, რომელიც ცივია ძალიან. წითელ წინწკლებიან კალმახებსაც შეხედავთ. იქვე, სასმელად ვარგისი ცივი წყარო გადმოედინება. ცივია, მაგრამ ძალიან გემრიელი. კინჩხის ჩრდილოეთითაა აღმართული ასხის მთა, რომელიც სამეგრელოს, ლეჩხუმს და სოფელ კინჩხას აერთიანებს. ის ზღვის დონიდან 2440 მეტრზე მდებარეობს და მწყემსების საზაფხულო სადგომს წარმოადგენს. წინ, ტალახიან გზაზე გაჭიმული ცხენების რემა მიჭენავს და გზაც ასხის მთისკენ უხვევს. გზაზე შემხვედრი, მთის ჰაერითა და არყით შებრუებული მწყემსები მისალმებისთანავე რძის, კვეთის, სულგუნის და თუთუნის სუნს შემოგაფეთებენ, რომელიც ძალზედ სასიამოვნოდ მოგეჩვენებათ. ადრე, სოფელში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ყოფილა, რომელიც დღეს ნანგრევების სახითაა შემორჩენილი. დღესაც აჰყავთ შესაწირი ამ ადგილას. არსებობს მოსაზრება, რომ სოფელში მანამდე 14 ეკლესია მდგარა. დღეს-დღეობით, ნაწილი ნანგრევების სახითაა შემორჩენილი.
ერთ-ერთი სოფლის სიმდიდრე არის ტილოსაფენია. ამ ადგილს ჯერ ტურისტები არ იცნობენ, მაგრამ აუცილებლად გაიცნობენ. ეს სახელი იმიტომ ჰქვია, რომ რამდენიმე, თხელ, ფენებად არის დაყოფილი და ამაზე გადმოედონება წყალი, რომელიც აუცილებლად გაგაკვირვებთ თუ კი ნახავთ. ასევე არის წმინდა ლიანის გამოქვაბული, ბოგა, მეწყერა და სხვა. არის აღმოჩენილი პატარ-პატარა გამოქვაბულები, რომელთა კვლევა-ძიება დღესაც მიმდინარეობს. სოფელი წელიწადის დროების მიხედავითაც გამოირჩევა.

ალბათ, ყველაზე მეტად შემოდგომა და ზამთარი მოგეწონებათ. შემოდგომაზე, ჩვენთან ბევრია სამუშაო. ამიტომ, ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით სამუშაოეზე მიმავალ ქალებსა და კაცებს. გადაყვითლებული მთები ისე ლამაზად ჩანს. ეზოში მოფუსფუსე დედაკაცებსაც დაუნახავთ, რომლებიც შესანახებს აკეთებენ ზამთრისთვის. ზამთარი კი, ყველაზე რთულია სოფლისთვის. ნოემბრის შუა რიცხვებიდან აპრილის დასაწყისამდე თოვლი. 1.50 სანტიმეტრი. არის უბნები სადაც 2 მეტრომდეც კი აღწევს. და მაინც ამ თოვლშიც რომ ლამაზია ეს კინჩხა. თეთრად გადაპენტილი მთები, ქუჩაში შემხვედრი ხალხი, რომელთაც ერთმანეთი მონატრებიათ და გაშმაგებული საუბრობენ ქვეყანაში განვითარებულ ამბებზე, აგიზგიზებული ბუხრები, რბილი სავარძელი, ხელში რაიმე საინტერესო წიგნი და უნდა გადაეშვა სიმშვიდის მორევში. უჰ, რა შვებაა!.. სოფელი მცხოვრებლებითაც გამორჩეულია. ყველაზე მეტად მოხუცები მოგეწონებათ. მათი ამბების და ისტორიების მოსმენა დიდ სიხარულს მოგგვრით. კინჩხა 5 უბნისაგან შედგება. ესენია: საწისქვილო, კინჩხაფერდი, ზედა კინჩხა, ქვედა კინჩხა და რონდიში. ძველად სოფელში 600 კომლი ცხოვრობდა დღეს კი 200-მდე არასრული კომლია. ამ უბნებიდან ყველაზე მჭიდროდ საწისქვილოა დასახლებული. 40 ოჯახით ამდროსთვის, სოფელში მიმდინარეობის კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრის მშენებლობა. ვიმედოვნებთ სულ მალე აშენდება და ეს სოფელიც შეუდგება ყოველდღიურ ღვთის მსახურებას.


სოფლის სილამაზის მიუხედავად არსებობს პრობლემები, რომელთა  მოგვარებაა საჭირო. შიდა გზები სასწრაფოდ მოსაწესრიგებელია. ასევე არის განათების პრობლემა- 3 წელზე მეტია სოფელში, მაღალმთიან უბნებში, განათება არ არის. ასევე, ნაგვის ურნების შეზღუდული რაოდენობის გამო, გზები არის ძალიან დანაგვიანებული, ხუთი უბნიდან სამს "მთის სტატუსი "აქვს მინიჭებული, თუმცა საწისქვილოსა და რონდიშშიც ისევე რთული ბუნებრივი პირობების როგორც დანარჩენ კინჩხაში.  
ეს ისეთი პრობლემებია, რომელთა გადაჭრა შესაძლებელია სწრაფად და მარტივად.
ავტორი: მაგდა ჯიშკარიანი
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com