...
ამბები

მოგზაურობა : პეტერბურგელი ქათამი თეთრი სოუსით

Avatar
T:555 000 289

 

 ჩვენი მოგზაურობა ბებოს რეცეპტებთან ერთად გრძელდება. დღევანდელი ჩემი სტუმარი  ვინ უნდა ყოფილიყო არ გამჭირვებია, რადგან ამ ადამიანის გაკეთებული საჭმელი არ გიყვარდეს რთულია, პლუს ჩემი მეგობარია (დედაჩემის, მაგრამ მალე ჩვენი ურთიერთობა დასძლევს მათსას). გთხოვთ შეეგებოთ :
 
ეკა ფხაკაძე :
განათლება – ჟურნალისტი
სტატუსი – დაოჯახებული, ორი ბიჭის დედა
ცნობილი ოჯახის შვილი
ბებოს რეცეპტების მემკვიდრე
 
 მახსოვს, პირველი რეაქცია, როცა  ეკასთან და გიალოსთან სახლში შევედი, ყველა ფერმა ერთად შემომანათა და სახე გამიბრწყინდა. ამდენი თბილი სიტყვა, სათნო სახე, ერთმანეთის მოსიყვარულე, დადებითი, იუმორით სავსე ადამიანი ერთ სივრცეში არასდროს მენახა. ერთმანეთისთვის და შენთვის რომ იყვნენ მხოლოდ. იმ დროს გაჩერდა დრო. ვერ ხვდები რამდენი ხანი დაყავი მათთან, რამდენი თეფში გამოცვალე, რამდენი ჭიქა გადადე, რამდენი ხელსახოცი მიკუჭე, რამდენი მადლობა გადაიხადე და რამდენი ღიმილი გააგზავნე  სხვისი მისამართით.  სახლი კი თითქოს იზრდებოდა და იზრდებოდა, ხალხიც ემატებოდა და ბედნიერებაც ერთ დიდ ფოერვერკს ემსგავსებოდა. მას შემდეგ, ბევრჯერ ვყოფილვარ ამ სახლში, მაგრამ ეს ემოცია არათუ იგივეა ან აღარ განმეორებულა, არამედ კიდევ უფრო მიმძაფრდება..
მზად ხართ გემო(ები)ს ფესტივალი მოვაწყოთ ? … თქვენი ხმა არ მესმის… მზად ხართ ? … აღფრთოვანებული ვიწყებ…
 
ინგრედიენტები :
ერთი ქათამი
200 გრ იმერული ყველი (მეტსაც აიტანს დამაბარა ეკამ)
200 გრ ჰოლანდიური ყველი (მეტსაც აიტანს დამაბარა ეკამ)
½ ნებისმიერი მაიონეზი
4 ცალი თეთრი, ბუთხუზა ხახვი
1 დიდი ან 2 პატარა სტაფილო
1½ ჭიქა ბრინჯი
პურის ფქვილი
კარაქი
წყალი
 
 როდესაც ეკასთან მივედი და ვიკითხე „აბა ბებოს, რომელ რეცეპტს ვიყენებთ", გამომხედა და მშვიდი ტონით, როგორც ჩვევია ხოლმე, მითხრა – „ბებოს არ უსწავლებია".. შევშფოთდი, მაგრამ როგორც გაირკვა, ეკამ პირველად ქათამი თეთრი სოუსით პეტერბურგში ჭამა,  მამიდაშვილის შვილმა ასწავლა მომზადება, ქ-ნ ინგას კი ბებომ. ამ ფაქტმა დამამშვიდა და დინჯად შევუდექით სლავური წარმოშობის საჭმლის კეთებას.
 
 პირველ რიგში, რა თქმა უნდა, იწყებთ ქათმის შეწვით (ქათმის შეწვის პროცესს არ მოვყვები, ბევრ ადგილს წაიღებს და თან ყველამ იცის ) პრინციპში ქათამი შეგიძლიათ მოხარშულიც იყოს, მაგრამ წვა მას სხვა სისველეს სძენს.  სანამ ქათამი იწვება შეგიძლიათ დაიწყოთ ბრინჯის მოხარშვა, გარეცხვის შემდეგ 1 ½ ჭიქა ბრინჯს ჩაყრით ქვაბში და მას დაფარავთ წყლით და დაუმატებთ მარილს გემოვნებით. ბრინჯი შეგიძლიათ გადახარშოთ და ამით გააფაფუკოთ, მისი მოხარშულობის დონე თავიდან ბოლომდე თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. ამ საჭმლის მომზადების გადმოცემის პროცესი შეიცავს ბევრ სიტყვას „ამასობაში".. მოკლედ, სანამ ქათამი იწვება და ბრინჯი იხარშება, გადმოიღეთ ოთხი თავი ხახვი, გაწმინდეთ და ნახევარ მთვარის ფორმით გაჭერით და შემდეგ თხლად დაჭერით, ისე რომ შეწვის შემდეგ პირში არ იგრძნობოდეს ხახვის ფორმა. ხახვი დაყარეთ ფართოპირიან ტაფაზე და როცა ის ოქროს ფერს მიიღებს, დაუმატეთ მსხვილად შეხეხილი სტაფილო (ერთი დიდი ან ორი პატარა). როგორც კი შეამჩნევთ რომ სტაფილომ მოიწყინა, გადმოდგით ტაფა ცეცხლიდან. ამასობაში ბრინჯიც მოხარშული იქნება და შეგიძლიათ უკვე დაუმატოთ სტაფილოსა და ხახვის მიქსს, მოაყარეთ მარილი – გემოვნებით და მსხვილად დაფქვილი წითელი წიწაკა (შეგიძლიათ დიდი წარმატებით წითელი წიწაკა ჩაანაცვლოთ შავი წიწაკით, მაგრამ ის ბრინჯს სხვა შეფერილობას აძლევს, რომელიც კერძის მთლიან ფერთა გამას არ უხდება).
 
 ამის შემდეგ მოიმზადეთ ცეცხლგამძლე „ჟარონა". მასზე პირველი ფენა იდება ბრინჯის, ხახვისა და სტაფილოს მასა, რომელიც დაახლოებით ორი თითის სისქის უნდა იყოს.  ამასობაში უკვე ქათამიც მზად იქნება, არ გჭირდებათ მისი დაჩილვა და წვალება. გაასუფთავეთ ძვლებისგან და სქლად დაანაწევრეთ. სწორედ ეს არის ჩვენი კერძის შემდეგი ფენა. მოაყარეთ იგი ბრინჯის, ხახვისა და სტაფილოს მასას, მთავარია არ დაინანოთ, რადგან ქათამი კარგად უნდა იგრძნობოდეს.
ვიწყებთ სოუსის მზადებას. კარგად სავსე 1 ს/კ ფქვილი და 1 ჩ/კ კარაქი შედგით ცეცხლზე და გახსენით კარაქი მორევის მეშვეობით, ნელ-ნელა დაუმატეთ ჭიქანახევარი წყალი, მაგრამ მორევა არ შეწყვიტოთ. ადუღებთ, სანამ ის კრახმალის კონსისტენციის არ გახდება, შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გაწურეთ, რადგან შეიძლება გაუხსნელი ფქვილი მაინც იყოს დარჩენილი მასში. დაუმატეთ ½ მაიონეზი და შედგით ისევ ცეცხლზე, დაუმატეთ მარილი გემოვნებით და ცოტა წიწაკა (რა ფერის წიწაკასსაც გადაწყვეტთ ბრინჯისთვის, იმავე ფერის დაუმატეთ სოუსსაც). ისევ შეუწყვეტლივ ურევთ და როცა მასა ადუღდება, გამორთეთ ცეცხლი. სოუსი მოასხით მესამე ფენად ქათამს და ზემოდან მოაყარეთ გახეხილი იმერული და ჰოლანდიური ყველი. და ყველაფერი მზადაა, ის უბრალოდ ელოდება როდის შედგამთ ღუმელში. ღუმელში გააჩერეთ, სანამ თავები არ შეუპიწკინდება ყველს.
 
 საერთოდ, ქათამს თეთრი სოუსით, უხდება ნებისმიერი ცოცხალი ან მჟავე ბოსტნეული, მაგრამ ჩვენ დღეს გასწავლით ერთ-ერთი სალათის მომზადებას, განსაკუთრებული სოუსით
 
 მსხვილად დაჭერით ან ხელით გადატეხეთ სალათის ფურცლები, დაუმატეთ მწვანე ხახვი, ქინძი, ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ კიტრი. ამის შემდეგ აიღეთ ერთი ჭიქა და გაავსეთ მისი ნახევარი წყლით, ხოლო მეორე ნახევარი ძმრით. დაუმატეთ ამ სითხეში მარილი და შაქარი და თქვენი სალათზე მოსასხამი სოუსიც მზად არის. შაქარი დააბალანსებს ძმრისა და მარილის გემოს.

 მიყვარს ადამიანები, რომლებსაც  სამზარეულოში კამპანიური ტრიალი უყვართ. ეკა კი ზუსტად ის კულინარია, რომლისთვისაც სიამოვნებით მოგინდებათ კამპანიონობა. მისი ერთ-ერთი ასევე ძალიან ცნობილი კერძია – ფარშირებული კვერცხი. ისეთი თვალებით ვუყურებდი კვერცხს, ვერ მოითმინა ეკუნამ და (ჯანდაბასშენითავიო) მისი რეცეპტიც მასწავლა, უფრო სწორად გვასწავლა.
 
ინგრედიენტები :
კვერცხი (ამ შემთხვევაში 10, ისე კი თქვენ რამდენიც მოგესურვებათ)
2 ცალი თეთრი ხახვი
1 თავი ნიორი
100გრ გატარებული ნიგოზი
სტაფილო
მაიონეზი
1 ჩ/კ საცივის სუნელი
მარილი
წიწაკა
 
 მოხარშულ კვერხს ჭრით სიგრძივად შუაში და აცლით გულს. შეცდომა არ დაუშვათ გული არ გადაყაროთ, მოაგროვეთ ის ერთ თასში, დაუმატეთ ორი ცალი მოთუშული ხახვი, 100გრ გატარებული ნიგოზი, 1 თავი ჩაჭყენტილი ნიორი, 1 ჩ/კ საცივის სუნელი, მარილი გემოვნებით და წიწაკა, ფერის არჩევაში თავისუფალი ხართ. კარგად აურიეთ, მე გეტყოდით რომ ხელით, მაგრამ სურვილისამებრ – ხის კოვზით. გულგამოცლილი კვერცხის ცილები დატენეთ ამ მასით, დააწყვეთ თეფშზე. თავზე მოასხით მაიონეზი და როგორც ტორტს გააფორმებდით კრემით,  მსგავსათ კვერცხებს გადაუსვით მაიონეზი და მოაყარეთ გახეხილი სტაფილო.

 იმედი მაქვს ყველა გემო იგრძენით, რადგან მე ახლაც ამიცმაცუნდა პირი.. შეიძლება პროცესი დამღლელი იყოს, მაგრამ.. მიბაძეთ ეკას და არასდროს შეგაწუხოთ დაღლამ საყვარელი ადამიანებისათვის, და თუ თქვენთვის, ხომ საერთოდ  :)
 
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com