...
ამბები

,,ბროცკის” დესერტი სოფლის არომატით - ბებოს რეცეპტები

Avatar
T:555 000 289

 
 ჩვენ, ვინც ჩვენ თავს ქალაქელებს ვუწოდებთ, უსოფლოები, ყოველთვის ვოცნებობთ სოფელზე და არასდროს ვუშვებთ ხელიდან შანსს მოვხვდეთ ბუნებაში, თბილ, მყუდრო ბუხრიან სახლში, სადაც ბევრი კარგი ადამიანი და გემრიელი საჭმელი გვხვდება. საინტერესოა, რომ თავად ადამიანები, რომლებსაც სოფლები აქვთ არასდროს საუბრობენ მათზე ისეთივე აღფრთოვანებით, როგორც ჩვენ და ალბათ ეს იმის ბრალია, რომ სულ სხვადასხვა მიზნები გვაქვს სოფელში ჩასვლისთვის. საბედნიეროდ, ბებოს და, როგორც იტყვიან ხოლმე, სოფელში გათხოვდა, ამიტომ კვირაში ერთხელ თუ არა, თვეში ორჯერ, მაინც გვიწევს საწირეში ჩასვლა. ონო ბებოს საცხოვრებელი ტყიბულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფელია, ქუთაისს კი  სულ რაღაც ნახევარი საათის გზა აშორებს საწირემდე. თავის დროზე, როცა სოფელთან ახლო მდებარე სანატორიუმი ფუნქციონირებდა, ბევრმა დაიდო ბუდე საწირეში, მაგრამ ნელ-ნელა სოფელი ცარიელდებოდა, სანატორიუმის მსგავსად და მხოლოდ ძველი, ჩამონგრეული შენობები რჩებოდა. ახლა იქ ოჯახები მეჩხერად ცხოვრობს, მაგრამ თამამად ატარებენ ნამდვილი საწირლების სახელს. ბებოს დისა და მეუღლის სახლის, რომელიც თავისი ხელით აქვთ აშენებული, ოთახების უმეტესობა ხისაა, და თუ არაა.. არა, ნამდივალდ ყველა ხისაა, შეცდომაში შემყავდით. სწორედ ეს ფერები გახდა დღევანდელი ჩემი ინსპირაციის წყარო. ბებოს ვთხოვე რაიმე ისეთი გაგვეკეთებინა, რომელსაც სოფლისა და ხის სუნი აუვიდოდა.
 
ინგრედიენტები :
 
2 მარგარინი
500გრ (3 ჩ/ჭ) შაქარი
2კგ ფქვილი
არაჟანი ან მაწონი
5 ცალი კვერცხი
2კგ ვაშლი (ბროცკი)
ვანილი
ლიმონის ცედრა
სოდა 1ჩ/კ
ძმარი
მწიკვი მარილი
 
 ბებო საკუთარ შვილებს, მათ, რომელებიც ჩემამდე ყავდა, სურამში ასვენებდა ხოლმე. იქ კი ერთი გაგრელი ქალბატონი გაიცნო, რომელიც ჩამოცვენილ ვაშლებს აგროვებდა. შეიძლება თავიდან ბებო დიდად კონტაქტური ქალი არ გეგონოთ, პრინციპში ეგრეცაა, სანამ რაიმე თემა არ დააინტერესებს, მოსმენას კი არასდროს დაგამადლით. როგორც ხდება, გაგრელმა ქალბატონმა ვაშლის პიურესგან გაკეთებული ნამცხვარი ბებოს და ბავშვებს მოუკითხა, ბებომ კი „ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი"_ო და ჩაიწერა რეცეპტი, რომელიც ხშირად გადადიოდა ხელიდან ხელში, მას შემდეგ.
 
 თავდაპირველად ვამზადებთ ცომს, რომელიც ზედმეტად ფხვიერიც კი არის იმისთვის, რომ პირველივე დღეს შეიჭამოს. აიღეთ რაც შეიძლება ღრმა თასი, სხვა შემთხვევაში ჩემსავით მოგივათ და ჭურჭელთან ერთად სამოსიც გასარეცხი აღმოჩნდება. 5 კვერცხის გული უნდა ათქვიფოთ 3ჩ/ჭ შაქართან ერთად, რომელსაც თანდათანობით უნდა დაუმატოთ დარბილებული მარგარინი. არ უნდა იყოს იმ წამს გამოღებული მაცივრიდან, მით უმეტეს ახალი ნაყიდი და თუ ასე მოხდა და ვერ მოასწარით დარბილება, შეგიძლიათ უბრალოდ ტაფაზე გაათბოთ, მაგრამ ასევე ფრთხილად უნდა იყოთ რომ ცხელი არ ჩაასხათ უკვე მზა მასაში, თორემ კვერცხს მოგიხარშავთ. შემდეგ თასში ამატებთ ლიმონის ცედრას, მწიკვ მარილს, 1ჩ/კ სოდას ძმრით, ვანილსა და მაწონს ან არაჟანს.  გასაგები რომ იყოს არაჟანით ცომი უფრო ფაფუკი, რბილი და მარტივად მოსაზელია, თუ ჩემს არჩევანს ენდობით – არაჟანი, აუცილებლად არაჟანი !
 
 მას შემდეგ, რაც მიქსერით ათქვეფილი მასა თქვენი თვალისთვის მისაღებზე კარგია, უმატებთ ფქვილს. ამ შემთხვევაში აღარ აგრძელებთ მიქსერი გამოყენებას და გადავდივართ თითების დასვრაზე. რადგანაც, ფქვილი სხვადასხვა ხარისხისაა, მასას უმატეთ მანამ, სანამ თქვენ კმაყოფილი არ დარჩებით მიღებული შედეგით, ანუ დაუმატებთ იმდენ ფქვილს, რამდენსაც მასა აიტანს. ვზელთ, ვიდრე ცომი თავისუფლად არ ჩამოშორდება თასის კედლებს.
 
 ცომს ვყოფთ ორ ტოლ ნაწილად და ცალ-ცალკე ვაცხობთ ფორმაში, „ჟარონაზე".
 
 სანამ ცომი ცხვება, თქვენ გაქვთ დრო იმისთვის, რომ გააკეთოთ ვაშლის პიურე. გათლით ვაშლს და ამოუღებთ გულებს. გულამოღებულ ვაშლებს მოათავსებთ ქვაბში და დაასხამთ ცოტაოდენ წყალს, რომ არ მიიწვას. ქვაბშივე ჩავაყრით შაქარს და ვიწყებთ სრესას, პიურეს ტექნოლოგიით. მიღებულ მასას ათავსებთ უკვე გამომცხვარ ფირფიტებზე. ზედა ფირფიტის გაფორმება თავიდან ბოლომდე თქვენზე არის დამოკიდებული. შეგიძლიათ, მორჩენილი ვაშლი დაჭრათ კუბიკებად და შეწვათ შაქართან და დარიჩინთან ერთად და სწორედ ეს გამოიყენოთ ზედა ნაწილის გასაფორმებლად, ან უბრალოდ მოასხათ კარამელი.
 
 როგორ მოვამზადოთ კარამელი  – 1ჩ/ჭ შაქარი ან მეტი (დიდად აქ პროპორციებს არ აქვს მნიშვნელობა ჩემი გამოცდილებით) ჩაყარეთ ქვაბში და დაბალ პარზე დაიწყეთ მისი მოთუშვა. თან ურიეთ, რომ არ მიიკრას შაქარი ქვაბმა. როდესაც შაქარი კრისტალურ მდგომარეობას დაკარგავს და უკვე კარამელის ფერი გახდება, დაამატეთ თითო-თითოდ 6 ცალი თხელ, მართკუთხედად დაჭრილი კარაქი და ურიეთ. ბოლოს კი უმატებთ რძეს და როცა კარამელი წამოდუღდება, გამორთეთ, გააცივეთ და შეგიძლიათ გადაასხათ ბოთლში და შეინახოთ, მაგრამ არა მაცივარში.
 
 ეს ნამცხვარი, როგორც ვთქვი უკეთესია ჭამოთ მეორე დღეს, ფირფიტები ლბება ვაშლის პიურეთი და პირში იფრჩხვნება და ლავასავით გადმოდის დღესასწაული გემო. მე პირადად მას ლიმონსაც ვაწურავ, უკვე გადმოღებულ ნაჭერზე და ამით უფრო მკაფიო გემოს ვღებულობ.
 
 კინაღამ გადამავიწყდა, სოფელი.. ბებოს დამ და სიძემ ისიამოვნეს გაგრელი ქალის საჩუქრით, ჩვენ კი თვითონ სოფლით.
 
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com