...
ამბები

ბებოს ხორციანი ბლინები - ბებოს რეცეპტები

Avatar
T:555 000 289

 


 
 პირველი პოსტის წერისას გაცილებით მეტ პასუხისმგებლობასა და გულისძგერას გრძნობ, ელოდები რეაქციებს, შთაბეჭდილებებს, კრიტიკას.. უფრო ალბათ კრიტიკას ვიდრე დადებით ემოციებს, მაინც ცუდზე იწყებ ხოლმე ფიქრს, მაგრამ ეს შეგრძნება გიქრება მაშინ, როცა კეთებას იწყებ. მალევე გადავედი სათქმელზე.. ხორციანი ბლინი, განსაკუთრებით ნაყიდი, თითქმის ყველა სუფრაზე არის ხოლმე და ყველაზე მალე იჭმება, ცხლად.. ზოგადად კი არ ვსაუბრობ, გამოცდილებას გიზიარებთ, ჩათვალეთ. ბებო გაყინულსა და ნაყიდს არ აღიარებს, მხოლოდ სახლში გაკეთებული, სამაგიეროდ ნათლიაჩემს ეზარებოდა ყოველთვის სახლში კეთება და ყიდვას მარტივ გზად თვლიდა. მეც რამდენჯერ მათთან სუფრაზე ყოფნა მიწევდა სულმოუთქმელად და თვალისცეცებით ველოდი როდის შემოიტანდა დეიდაჩემი ოთახში თეფშზე, ერთმანეთზე პირამიდულად აწყობილ შეპუწკუნებულ ბლინებს, რომელსაც სინათლეც თან მოჰყვებოდა სუნთან ერთად. დადება და აღება ერთი იყო, მე და ჩემი ბიძაშვილი კი იმდენად ტუტუცები ვიყავით, რომ „ბოლო უნამოსუსია" პრინციპს არ ვაღიარებდით და ერთი დავი-დარაბა მიდიოდა ბოლო ბლინისთვის, სანამ ბებო არ გადმოგვხედავდა და მისაბაძ ბავშვებად გარდავიქმნებოდით.  მთელი ეს ისტორია ახლა არ გამიხსენებია, ბებომ გაიხსენა დილით და დედამ – „ეჰ, რა დრო იყო სახლში რომ აკეთებდი ბლინებს მამას დაბადების დღეებისთვის ?" ბებომაც შეიშნო, აღიარება გემოსა და მონდომების და რეცეპტის ძებნას შეუდგა, ჩვენგან ჩუმად, გახარება უნდოდა.. მაგიჟებს ეს მიდგომა, ბებიების…
 
 ინგრედიენტები :
 
საქონლის უცხიმო ხორცი 500გრ
ღორის ხორცი 500გრ (ცხიმი ეპატიება, შესწორება – ცოტა ცხიმი)
ბრინჯი 100გრ (ბებო ღვინის ჭიქით ზომავს – ჭიქის საპოვნელად მიმართეთ ბაბუებს)
კვერცხი 8 ცალი
ფქვილი 300გრ (2 თეთრი, ცისფერზოლებიანი ჩაის ჭიქა)
1 ლ ნელთბილი წყალი
ბუთქუნა 2 თავი ხახვი
შავი და წითელი წიწაკა
მწიკვი მარილი
ხმელი პიტნა (გემოვნებით)
ცოტა ზეთი
 
 სამეცადინო მაქვს, მე კიდევ რისთვის ვცდები.. ბებომ რო იცოდეს დიდი ალბათობით კომპიუტერს დამიმალავდა და მეტყოდა „ბებო, ჯერ სწავლა !" შეიძლება ეს წინადადება ვინმეს ბაგეს რომ წამოსცდენოდა კომუნისტურად ეჟღერა, მაგრამ ბებო იმდენად სათნოს ხდის ყოველ სიტყვას, რომ შეიძლება საერთოდ არ მივაქციო ყურადღება, რომ კომპიუტერი დამიმალა… მთავარი ამ ბლინულიას, როგორც მას ბებო მიმართავს ხოლმე, მომზადებაში თვალითი ზომაა, მე მართალია ვერ ვგებულობ ამაში რას გულისხმობს, მაგრამ იქნებ თქვენ მაინც გამოარკვიოთ.
 თავიდან ვიწყებთ, რა თქმა უნდა, ბლინის მასის მომზადებას. მიქსერს, ამ მასისთვის არ ვიყენებთ. პრეისტორია : როდესაც ვაკეთებდით მასას, არ დავუჯერეთ ბებოს და ხელით სათქვეფს დახმარებაზე უარი ვუთხარით, ვითანამედროვეთ და მიქსერი გამოვიყენეთ, კვერცხი ზედმეტად ამოვიდა, ქაფი მოიკიდა და სადღაც ერთი საათი ვითმინეთ ქაფის კაპრიზები, საბოლოოდ კი გადავაქციეთ, ხელით სათქვეფს მოვუბოდიშეთ და ხელთავიდან დავიწყეთ ყველაფრის კეთება. კინაღამ გადამავიწყდა რას ვყვებოდი.. აა, დიახ.. ღრმა თასში მოვათავსებთ 8 კვერცხს, ან თუ ხელში ძალა არ გერჩით 4-4, დავასხამთ ერთ ლიტრ ნელთბილ წყალს, რომლის სინელთბილე ნეკით შეგვიძლია შევამოწმოთ, მთავარია არ შეგვეშინდეს გასინჯვის, დასვრის და შემდეგ ჭურჭლის დარეცხვის. ავთქვეფთ კარგად ხელის სათქვეფით, როცა თქვენი თვალი შედეგის კმაყოფილი იქნება, ნელ-ნელა დავუმატებთ ფქვილს, მაგრამ ფქვილი რადგანაც სხვადასხვა ხარისხისაა, ამიტომ დაუმატეთ იმდენი რომ მასა, მაინც თხელი კონსისტენციის იყოს, ვურევთ მანამ სანამ ერთიან მასას არ მივიღებთ, მხოლოდ ამის შემდეგ ვუმატებთ მწიკვ მარილსა და ცოტა ზეთს.
 ამ პერიოდისათვის, უკვე გამზადებული უნდა გვქონდეს შიგთავსი. 500-500გრ საქნოლის მწიფე და ღორის ხორცს ვხარშავთ და ამის შემდეგ მას  ხორცის მანქანაში ვატარებთ ორ ბუთქუნია ხახვთან, წითელ და შავ წიწაკასთან ერთად, ვუმატებთ მარილს გემოვნებით და ასევე გემოვნებით ხმელ პიტნას. პარალელურად კარგად გარეცხილ ბრინჯს ვადგამთ მოსახარშად და ვხარშავთ მანამ სანამ თეთრი ბრინჯი თოვლის მსხვილ ფიფქს არ დაემგვანება, ესეც თქვენი წინასაახალწლო განწყობა ნოემბერში. ამის შემდეგ გამზადებულ ხორცსა და ბრინჯის ფიფქებს ერთმანეთში ავურევთ და შიგთავსიც მზადაა.
 თუ სამზარეულოში, გაგიმართლათ და ორი ადამიანი ეტევით შეგიძლიათ ერთმა ბლინი გამოცხოთ, ხოლო მეორემ იქვე გადაახვიოს, მაგრამ თუ მხოლოდ საერთადამიანო სამზარეულო გაქვთ, მაშინ ვაცხობთ ბილინებს, ვაწყობთ ერთმანეთზე და მხოლოდ ამის შემდეგ ვახვევთ მასში ხორცს.
მასა ისხმება უკვე გახურებულ ტაფაზე, რომელის გრადუსი სველი თითის დადებითა და შხარუნა ხმით შეგიძლიათ შემოწმოთ, მოკლედ ერთი ხელით ვასხამთ მასას და თავისუფალი ხელით ვატრიალებთ ტაფას, რათა მასა თანაბრად გადანაწილდეს ტაფაზე, ზემოდან მოტიპტიპე ზედმეტი მასა კი შეგვიძლია თასში ჩავაბრუნოთ, რათა მან შემდეგ ხელი არ შეგვიშალოს, რადგან ბლინი მხოლოდ ერთი მხრიდან იწვება. როგორც კი ბლინს შეამჩნევთ თავწამოწეულ გვერდებსა და იგრძნობთ რომ ზედა ნაწილს სისველე გაუქრა, შეგიძლიათ ტაფას ხელი მოკიდოთ, გადმოაყირავოთ და ბლინი დასადებზე, არა თეფშზე, დადოთ, დააგდოთ, რომელი ხერხიც უფრო კულინარად გაგრძნობინებთ თავს.
 გადახვევა ყველაზე რთული პროცესია, ვხუმრობ ეს მთლიანად თქვენს იმპროვიზაციაზეა დამოკიდებული
 ამ „დამღლელი" პროცესის შემდეგ, თქვენ ისღა დაგრჩენიათ რომ შეწვათ ბლინები ან უბრალოდ მაცივარში შეინახოთ და მეორე დილით ოჯახი ან თქვენი თავი გაახაროთ, პრინციპში მგონი მთელი კვირის განმავლობაში შეგიძლიათ ბედნიერების გახანგრძლივება.
 

 
 



скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com