დღეს, 21 ოქტომბერს, მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარმა 15-20 სანტიმეტრს მიაღწია. ხულოს სოფლების ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია, ჩაკეტილია გზებიც.
დაბა ხულოში, ადგილობრივების თქმით, მესამე დღეა არ მიეწოდებათ წყალი.
მაღალმთიან აჭარაში ახლაც თოვს.
ხულოს სოფლებში მოსახლეობის ნაწილს არ აუღია მთელი წლის მოსავალი. ბევრი მათგანის თქმით, ვერც თივის მომარაგება მოასწრეს პირუტყვის გამოსაზამთრებლად და ვერც შეშის.
„ამ ეტაპზე ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებს. მოსულმა უხვმა ნალექმა დააზიანა კომპანიის მაღალი ძაბვის ინფრასტრუქტურა, როგორც მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი სადენები, ასევე საყრდენები. ამ დროისთვის კომპანიის ტექნიკური სამსახური აქტიურად მუშაობს, რათა ელექტროენერგიის მიწოდება აღადგინოს სრულად”, – მოგვწერეს „ენერგო-პრო ჯორჯიადან“.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს. აქ გვითხრეს, რომ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება, განსხვავებით შიდა სასოფლო გზებისგან.
„შიდა სასოფლო გზებზე უხვი ნალექის გამო დამტვრეულია გზის პირას არსებული ხეები და მიმდინარეობს ხეებისაგან წმენდის სამუშაოები. პარალელურად იწმინდება თოვლის საფარისგან საავტომობილო გზები”, – მოგვწერეს დეპარტამენტიდან.