ათიათასობით ქართველმა საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პროევროპული აქცია გამართა, აქციის მონაწილეები აფრიალებდნენ ევროკავშირისა და საქართველოს დროშებს და ეჭირათ ბანერები წარწერებით: „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“, – ასე ეხმაურება სააგენტო „ფრანს-პრესი“ თბილისში გამართულ მარშს – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“.
გამოცემა წერს, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები განიხილება, როგორც გადამწყვეტი გამოცდა ქვეყნის დემოკრატიისთვის და მისი ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობისთვის.
„საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ცხადყოფს, რომ ოპოზიციური პარტიები, სავარაუდოდ, საკმარის ხმებს მოიპოვებენ, რათა ჩამოაყალიბონ კოალიციური მთავრობა და ჩაანაცვლონ მმართველი პარტია, რომელსაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს. ანალიტიკოსებმა არეულობის რისკზე საუბრობენ იმ შემთხვევაში, თუკი „ქართული ოცნება“ შეეცდება შეინარჩუნოს ძალაუფლება კენჭისყრის შედეგის მიუხედავად“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
„ფრანს-პრესი“ წერს, რომ „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლიდან არის და თავდაპირველად ლიბერალურ პროდასავლურ პოლიტიკას ატარებდა, ბოლო ორი წლის განმავლობაში კურსი შეიცვალა და მას მოსკოვთან დაახლოებაში ადანაშაულებენ.
„საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციის აქციაზე ევროკავშირის მხარდამჭერი გზავნილი გაავრცელა“, – ამ სათაურის სტატიით ეხმაურება სააგენტო Reuters-ი თბილისში გამართულ მარშს.
„26 ოქტომბრის არჩევნები ფართოდ განიხილება, როგორც ტესტი იმისა, საქართველო რუსეთის ორბიტაზე დაბრუნდება თუ პროდასავლურ ორიენტაციას შეინარჩუნებს. ევროკავშირისა და საქართველოს დროშებში გახვეული ქართველები კვირას თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, რათა მხარი დაეჭირათ ოთხი მთავარი პროდასავლური ოპოზიციური ჯგუფისთვის, რომლებიც მომავალ შაბათ-კვირას იყრიან კენჭს“, – წერს გამოცემა.
Reuters-ი ხაზს უსვამს, რომ შარშან ევროკავშირმა საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ „უცხოელი აგენტის“ შესახებ კანონი მიიღო, რომელიც, კრიტიკოსების თქმით, იმის მტკიცებულებაა, რომ ის რუსეთისკენ ტრიალდება.
გამოცემა წერს, რომ სალომე ზურაბიშვილს აქციაზე საუბრისას უცნობმა პირებმა სახეზე ლაზერები მიანათეს ახლომდებარე შენობის სახურავიდან, რითაც აშკარად ცდილობდნენ, მისი ყურადღება გაეფანტათ.