- ჭიათურის საბაგიროს პროექტი 2017 წელს უნდა დასრულებულიყო. 40 მილიონ ლარზე მეტი უკვე დაიხარჯა, მაგრამ მშენებლობა დღემდე გრძელდება! – ამის შესახებ ნათქვამია კვლევაში, რომელსაც chiaturagmc.wordpress.com – აქვეყნებს.
- მშენებლობის დასრულება სულ მცირე ოთხჯერ გადაიდო. კონტრაქტორი კომპანია არ შეცვლილა და ის დღემდე ვერ ასრულებს პროექტს!
- სახელმწიფო აუდიტის დასკვნის თანახმად, მუნიციპალური განვითარების ფონდმა პროექტის სათანადო კონტროლი ვერ განახორციელა!
- შპს „ჭიათურბაგირგზებს“ 2015 წლიდან მგზავრები საბაგიროს ნაცვლად მიკროავტობუსებით დაჰყავდა, რაშიც უკვე მილიონზე მეტი დაიხარჯა!
ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარე საბაგირო გზებიდან მგზავრების გადაადგილების კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი მეოცე საუკუნის 60-იან წლებში, თხელიძის ქუჩაზე აშენებული ცენტრალური სადგურია, საიდანაც სამი მიმართულებით ერთდროულად მოძრაობდნენ სამგზავრო საბაგიროები. აღნიშნულ საბაგიროს 2015 წლამდე გაუჩერებლად გადაჰყავდა მგზავრები.
2016 წელს სახელმწიფომ საბაგირო გზის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში მოხდა საბაგიროს ძველი სადგურების დემონტაჟი და დაიწყო ახალი სადგურების მშენებლობა. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში (SPA160013879) გაიმარჯვა ამხანაგობა „დაგი-სკიმ“. გონდოლებიანი, რივერსული საბაგირო გზის მოწოდება კი ფრანგულმა კომპანია „პომაგალსკიმ“ (Pomagalski) უზრუნველყო.
საბაგიროები ექსპლუატაციაში 2017 წლის აპრილში უნდა შესულიყო. მშენებლობის დასრულების ვადამ ჯერ 2018 წლის ზაფხულამდე გადაიწია, ხოლო შემდეგ 2019 წლის მაისამდე. მოგვიანებით, მუნიციპალური განვითარების ფონდი პროექტის დასრულების ვადად უკვე 2020 წლის პირველ ნახევარს ასახელებდა, ჩვენთვის გამოგზავნილ საპასუხო წერილში კი – 2020 წლის მეორე ნახევარს. მშენებლობის ვადის დასრულება სულ მცირე ოთხჯერ გადაიდო. ამასთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, კონტრაქტორი კომპანია არ შეცვლილა.
მუნიციპალური განვითარების ფონდი პროექტის დასრულების ვადების ცვლილების ძირითად მიზეზებად ასახელებს: ბენეფიციარების მოთხოვნას შეთანხმებული პროექტის ცვლილებაზე, განსახლებას, საბაგიროს ფუნქციონირების კორიდორში არსებულ ნანგრევებზე შეთანხმებას, შრომითი უსაფრთხოების და ელექტრო ენერგიის მიწოდების კუთხით არსებულ გამოწვევებს და მსოფლიო პანდემიით გამოწვეულ ფორსმაჟორულ სიტუაციას.
ჯერ კიდევ 2018 წელს სახელმწფო აუდიტის სამსახური მის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში წერდა, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდმა ვერ განახორციელა პროექტის კონტროლი. აუდიტის დასკვნის მიხედვით, ვერ მოხერხდა სამუშაოების სათანადო ზედამხედველობა და გადახდილი თანხის შესრულებულ სამუშაოსთან შესაბამისობის დადგენა. უნდა აღინიშნოს, რომ მშენებლობის ვადის არაერთხელ გახანგრძლივების პარალელურად, ყოველწლიურად იზრდება პროექტთან დაკავშირებული ხარჯებიც.
თავდაპირველად, პროექტის ჯამური ღირებულება 40 მილიონ ლარამდე იყო. საქართველოს მთვრობის მიერ მშენებლობისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი დაახლოებით 10,9 მლნ ლარს შეადგენს. დანარჩენი თანხა კი სახელწმიფომ სესხად აიღო საფრანგეთის მთავრობისგან. შეღავათიანი სესხის პირობები ასეთია: სესხის ხანგრძლივობა – 20 წელი, შეღავათიანი პირობები – 6 წელი, საპროცენტო განაკვეთი- წლიური 0.17%. სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პროექტის ფარგლებში საფრანგეთის მთავრობის მიმართ გადასახდელმა სასესხო ვალდებულებამ 11 825 492 ევრო შეადგინა.
ჭიათურის საბაგირო გზების მშენებლობაზე უკვე დახარჯულია 40 მილიონ ლარზე მეტი. 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური პროექტების შესახებ ინფორმაციაში მითითებულია ზუსტი თანხა, რომელიც უკვე დაიხარჯა მშენებლობაზე. ფაქტი 2017 წლის ჩათლით არის 43 244 500 ლარი. 2018 წლის გეგმა კი შეადგენდა 1 500 000 ლარს, ხოლო 2019 წლის პროგნოზით გამოყოფილი იყო 500 000 ლარი, რაც ჯამში 45 244 500 ლარია. ხოლო 2018 წლის მონაცემებით პროექტის საერთო თანხა უნდა ყოფილიყო 44 788 900 ლარი.
ჭიათურის მუნიციპალიტეტში ცენტრალური საბაგიროს ფუნქციონირებაზე პასუხიმგებელი იყო შპს „ჭიათურბაგირგზები“, რომელიც ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული სახელმწიფო კომპანიაა. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შპს „ბაგირგზები“ 5 წლის და 9 თვის განმავლობაში მგზავრებს მიკროავტობუსებით ემსახურებოდა. ამ კომპანიას უკვე სახელი შეუცვალეს და შპს „ჭიათურის სატრანსპორტო კომპანია“ დაარქვეს. 2015-2019 წლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ, საბაგიროების ნაცვლად, მგზავრების მიკროავტობუსებით მომსახურებაში მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.
ჭიათურის მოსახლეობა წლებია ელოდება პროექტის დასრულებას. განსაკუთრებით ელოდებიან არჩევნების მოახლოებას, იმ იმედით, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ გახნსის საბაგირო გზებს. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტია ჭიათურლებს ახალ საბაგირო გზებს დაჰპირდა; 2017 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე უთხრეს, რომ საბაგირო გზების მშენებლობა მალე დასრულდებოდა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მოუბოდიშეს და პროექტის უმოკლეს ვადებში დასრულდებას დაჰპირდნენ, 2019 წელს, ჭიათურის მერის რიგგარეშე არჩევნებზე თქვეს, რომ საბაგიროების პროექტის დასრულებას ხელს ვეღარაფერი შეუშლიდა… დღეს კი, ჭიათურაში ყველა ხვდება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, საბაგიროების გახსნა, კვლავ ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იქნება.
წყარო: chiaturagmc.files.wordpress.com