25 თებერვალს საქართველოს ოკუპაციიდან 100 წლის თავზე საქართველოს პარლამენტთან აქცია დაიგეგმა:
“ზუსტად 100 წლის წინ – მაშინ, როცა ვხარობდით მოპოვებული თავისუფლებით, ვაფუძნებდით თანამედროვე სახელმწიფოს, ვატარებდით პროპორციულ არჩევნებს, ვწერდით მსოფლიოში ყველაზე პროგრესულ კონსტიტუციას, რომლის დემოკრატიული პრინციპებიც დღემდე სანატრელად გვაქვს და ბოლოსდაბოლოს, ვიწყებდით ცხოვრებას ჩვენს ჭკუაზე (და პირველ რიგში სწორედ ამიტომ) – საქართველოში წითელი არმია შემოიჭრა და მას შემდეგ ჩვენს მიწას რუსული ჩექმა ადევს.
ზუსტად 100 წლის წინ დაიწყო ქართული აზრის დევნის, ქართული სახელმწიფოს შესახებ მახსოვრობის განადგურების, ქვეყნის ინტელექტუალური ძრავის მოშლისა და თაობათა ცნობიერების დამახინჯების საუკუნოვანი ოპერაცია.
მაგრამ, ზუსტად 100 წლის წინ, როცა თბილისს ყველა მხრიდან უტევდნენ, ჩვენმა დიდმა ბაბუებმა და ბებიებმა შეძლეს განწირული ბრძოლისთვის მობილიზაცია და უანგარო თავდადების მორიგი მაგალითის შექმნა.
აი ასე, ზუსტად 100 წლის წინ, ჩვენებმა შეგვახსენეს, რომ არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ღირსება. ეს ბრძოლა საქართველოსთან ერთად დაიწყო. ეს ბრძოლა გრძელდებოდა მაშინაც, როცა საქართველოსგან ამ ბრძოლის გარდა აღარაფერი დარჩა. სანამ ეს ბრძოლა გაგრძელდება, გაგრძელდება საქართველოც.
საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრის მორიგი დესპოტი მმართველი ამბობს და საქმითაც ამტკიცებს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საუკუნის ტრაგედიად მიაჩნია. ჩვენ კი, დარწმუნებულები ვართ და საქმითაც ვამტკიცებთ, რომ საუკუნის ტრაგედია მისი დაბადება იყო!!!
თებერვლის და მარტის ეს თარიღები საქართველოს თითოეული მოქალაქის კალენდარში გამორჩეულ ადგილს იმსახურებს, რადგან ოკუპაცია გრძელდება, ხან ხისტი, ხანაც არანაკლებ ხისტი “რბილი ძალით”. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 30 წლის თავზეც ვერ ვაქციეთ ჩვენი სუვერენიტეტი პოლიტიკური სპექტრის უპირობო პრიორიტეტად და არათუ გავთავისუფლდით რუსეთისგან, კიდევ უფრო დავუახლოვდით მას.
ასეთ ვითარებაში კი ცოდნა და ინფორმირებულობა თავდაცვისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იარაღი ხდება.
2021 წლის 25 თებერვალს, თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეები
ვიკრიბებით რუსთაველზე, საქართველოს პარლამენტთან!
შევიკრიბოთ და გავაგონოთ მსოფლიოს ჩვენი ხმა!
შევიკრიბოთ ჩვენი ამჟამად დატყვევებული თანამოქალაქეების: ზაზა გახელაძის, ირაკლი ბებუას, გენადი ბესტაევის და რამაზ ბეღელურის მხარდასაჭერად!
შევიკრიბოთ იმიტომ, რომ საქართველო გრძელდება!
Never Back To USSR! Never! Ever!” – წერია სირცხვილიას გვერდზე.