დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, რეგულაციები შედეგს მომენტალურად არ იძლევა და რესტორნების მუშაობის 22:00 საათის შემდეგ შეზღუდვის შედეგიც გარკვეული დროის შემდეგ აისახება.
„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, გამოიღო თუ არა შედეგი რესტორნების მუშაობის საათების შემცირებამ, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბევრი მტკიცებულება არსებობს, რომ მსგავსი რეგულაციები შედეგს იძლევა.
„ერთმა რეგულაციამ ასე სწრაფად, რომ უკვე მეორე დღეს შედეგი გამოიღოს ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების თვალსაზრისით, ასე არ ხდება. ეს ერთ-ერთი სეგმენტი გახლავთ რეგულაციების მრავალსექტორულ მიდგომაში, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება მათ შორის მობილობის დაგდება და 22:00 საათის შემდეგ გადაადგილების აკრძალვა. დამერწმუნეთ, ძალიან ბევრი მტკიცებულება არსებობს, რომ ეს შედეგს იძლევა და შედეგს დავინახავთ რამოდენიმე ხანში, ამას დრო სჭირდება“,-აღნიშნა გამყრელიძემ.
ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, რესტორნების მუშაობის აკრძალვა ინფექციის გავრცელების შემცირების კუთხით არსებული რეგულაციების მნიშვნელოვანი ნაწილია.
„რესტორნების მუშაობის დროის შეზღუდვა მხოლოდ ერთი სეგმენტია და მხოლოდ ამ შეზღუდვით ცხადია კოვიდს ვერავინ ვერ მორევა, მაგრამ ამის გარეშე, თავშეყრის საათები რომ გაიზარდოს რესტორნებში, მითუმეტეს ახლა, როდესაც აცივდა და ძირითადად დახურულ სივრცეში ხდება გამასპინძლება, ეს რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი სეგმენტია, რომ ავადობა შემცირდეს და თუ სხვა პირობებიც განუხრელად იქნება დაცული, პროცესების დაწყებიდან მომავალი ორი კვირის შემდეგ გარკვეული ეფექტი მიღწეული იქნება, ეს საშუალებას მოგვცემს ნაკლები ავადობის შემთხვევები იყოს“,-აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, 4 ნოემბრიდან რესტორნების მუშაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 22:00 საათამდე შეიზღუდა. მანამდე აღნიშნულის რეგულაცია მხოლოდ რამდენიმე დიდ ქალაქს: თბილისს, ქუთაისს, მცხეთას და ბათუმს ეხებოდა.