დღეს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 21 აგვისტოდან მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი გაიხსნება, გარდა დაბა მესტიისა და სოფელ ლენჯერისა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, დაბა მესტიისა და სოფელ ლენჯერში გაგრძელდება ინტენსიური ტესტირება და არსებული ვითარებიდან გამომდინარე მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც მოსახლეობას ეცნობება.
„აღნიშნულ მუნიციპალიტეტში 10 აგვისტოდან დაიწყო შეზღუდვები. ამ პეროდიდან დღემდე განხორციელდა ბევრი ეფექტური ღონისძიება, რომელიც ჩვენ დაგვეხმარა ეპიდემიის შეჩერებაში. მინდა მადლობა გადავუხადო ადგილობრივ მოსახლეობას, იქ მყოფ ტურისტებს და ყველა უწყების წარმომადგენელს, რომელიც თავდაუზოგავად შრომობდა ამ პერიოდის განმავლობაში. მესტია არის იმის მაგალითი, თუ როგორ იბრძვის სახელმწიფო ეპიდემიის წინააღმდეგ“, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.