2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, ჯამურად, 32 მილიარდ 400 მილიონ ლარს შეადგენს, ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი გაზრდილია 1 მილიარდ 200 მილიონ ლარზე მეტით,- ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობითვე, 2025 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია შემდეგი მაკროეკონომიკური პარამეტრების მიხედვით: რეალური ეკონომიკური ზრდა 6,0%; მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 3%; საშუალო ინფლაციის პროგნოზი მიმდინარე წელს მიზნობრივ მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად ნაკლებია და 1,0%-ს შეადგენს, ხოლო მომდევნო წელს დაუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს; ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 99 მილიარდ 239 მილიონი ლარის ოდენობით. ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 9 700 დოლარს აჭარბებს; ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების წილი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 25,5%-ია, ხოლო ნომინალურ გამოხატულებაში შეადგენს 25 მილიარდ 305 მილიონ ლარს; ნაერთი ბიუჯეტის პრივატიზაციის საპროგნოზო მაჩვენებელი – 500 მილიონი ლარი; ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი – მთლიანი შიდა პროდუქტის 2,5%, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი 35,9%.