2018 წელს უცხოეთში მყოფი საქართველოს 4 566 მოქალაქის დეპორტირება მოხდა, მათი ნახევარზე მეტი ისრაელიდან და თურქეთიდან გამოძევებული საქართველოს მოქალაქეა, – ამის შესახებ საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილშია აღნიშნული, რომელიც მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ფარგლებში შემუშავდა.
უფრო კონკრეტულად, ანგარიშის თანახმად, 2018 წელს გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეთა დეპორტაციის 531 ფაქტი დაფიქსირდა, რუსეთიდან – 209, თურქეთიდან – 1788, ისრაელიდან – 813, საფრანგეთიდან – 273, ავსტრიიდან – 166, ბელგიიდან – 108, შვეიცარიიდან – 84, იტალიიდან – 83, შვედეთიდან – 102, ფინეთიდან – 30, საბერძნეთიდან – 58, ესპანეთიდან – 44 ,ხოლო უკრაინიდან – 46.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ევროსტატის მონაცემების მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა საქართველოს იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომელთა მიმართაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება ქვეყნის დატოვების თაობაზე. ასეთ ქვეყნებს შორის 2018 წელს ლიდერობენ გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი, შვედეთი და პოლონეთი. უფრო კონკრეტულად, 2018 წელს ევროკავშრის ქვეყნებში საქართველოს 9 745 მოქალაქის მიმართ იქნა ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მიღებული. ასევე წლიდან წლამდე იზრდება ევროკავშირის ქვეყნებიდან იძულებით და ნებაყოფლობით დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობაც.
„აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეთა იძულებით დაბრუნება, ძირითადად, რეადმისიის შესახებ შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება. ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებიდან რეადმისიაზე მიღებული განცხადებების რაოდენობა ბოლო 4 წლის განმავლობაში მზარდია. ყველაზე მეტი განაცხადი გერმანიიდანაა შემოსული, თუმცა ბოლო წლებში გაზრდილია საფრანგეთიდან, ავსტრიიდან და ნიდერლანდებიდან შემოსული განცხადებების რაოდენობაც,”-აღნიშნულია ანგარიშში.