არავის არ უკვირს, რომ ნიკა მელიას საქმის განხილვისთვის შესაბამისი მოსამართლე შეარჩიეს, – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა, გიგა მაქარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ნიკა მელიას განაჩენი იმ მოსამართლემ უნდა გამოუტანოს, რომელმაც 20 ივნისს დაშავებულებს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა.
“არც ის გვიკვირს, რომ ამ სასამართლოში ყურმოჭრილი მონები ჰყავთ. ქალბატონი მოსამართლეც, რომელიც ნიკა მელიას სასამართლოს უხელმძღვანელებს ზუსტად ვიცით უკვე, რომ შეასრულებს პირდაპირ “ოცნების” დავალებებს. მისგან არაფერია გასაკვირი, მითუმეტეს, რომ 20 ივნისის დაზარალებულებს, არც კი მოუსმინა, ისე გადაწყვიტა, რომ დაზარალებულის სტატუსი არ ეკუთვნოდა”,- განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.
ცნობისთვის, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ, პროკურატურამ მისი დაპატიმრების მოთხოვნით სასამართლოს გუშინვე მიმართა. 16 თებერვალს სასამართლო არ გამართულა.
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის სახელს, რომელმაც დღეს ნიკა მელიას ციხეში გაშვება არგაშვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, პოლიტიკური მართლმსაჯულების არაერთი ხმაურიანი საქმე უკავშირდება, სადაც პოლიტპატიმრები და ხელისუფლების ოპონენტები ფიგურირებენ. 2019 წელს ნინო ჩახნაშვილი იყო მოსამართლე, რომელმაც გავრილოვის 20 ივნისის სისხლიანი ღამის დაშავებულებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს – დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.
პოლიტპატიმარ გიორგი რურუას დაკავებიდან 1 თვის შემდეგ კი, ამავე მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე იმსჯელა, თუმცა გიორგი რურუა ციხეში დატოვა. ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე, ნინო ჩახნაშვილმა პროკურატურის მოთხოვნა ნაწილობრივ გაიზიარა და ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს 700 ათას ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა. ნინო ჩახნაშვილი საქალაქო სასამართლოში უვადო მოსამართლედ არის გამწესებული.
ცნობისთვის, გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებდა.
გიორგი რურუას საქმეში დევს პოლიციელთა ჩვენებები, რაც ადასტურებს, რომ მათ რურუა თითქოს მხოლოდ იმის გამო დააკავეს, რომ ოპერატიული ინფორმაცია მიიღეს, იარაღით მისი გადაადგილების შესახებ, რაც, სავარაუდოდ, სიცრუეა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ თბილისი-წყნეთის მიმართულებით მიმავალი რურუა სამხარეულის ექსპერტიზის ოფისამდე არმისული, სასაფლაოების გასწვრივ გააჩერეს და მას, კრიმინალური პოლიციის დავალებით, საპატრულო პოლიცია ბენზინგასამართ სადგურთან ელოდებოდა.
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მაშინვე აედევნა რურუას, როგორც კი მიიღო მინიშნება კრიმპოლისგან და გიორგი რურუას მანქანა სწორედ იმ მონაკვეთზე გააჩერა, სადაც სათვალთვალო კამერები არ არის დამონტაჟებული. ასეთი თბილისი-წყნეთის ამ მონაკვეთზე მხოლოდ რამდენიმე ათეული მეტრია.
სწორედ ამ გაჩერების დროს, ჩხრეკის ჩატარებისას, “აღმოუჩინეს” გიორგი რურუას არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, შესაბამისად, აქვე შედგა ჩხრეკის ოქმიც.
რურუას დაკავების შემდეგ, მისი დაცვის მხარემ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა სასამართლო ამ გადაწყვეტილებას არ იღებდა.
გიორგი რურუას დაკავებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავდნენ საერთაშორისო პარტნიორები და საქართველოს ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ. რურუას გათავისუფლება 8 მარტის ცნობილი შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილიც იყო, თუმცა ხელისუფლებამ ეს პირობა არ შეასრულა.
გიორგი რურუას 30 ივლისს მოსამართლე ვლადიმერ ბუგიანიშვილმა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
შეგახსენებთ, 16 თებერვალს, “ოცნების” ერთპარტიულმა პარლამენტმა ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას იმუნიტეტი მოუხსნა და მის დაპატიმრებას მხარი დაუჭირა.
ვინ (არ) დაუჭირა მხარი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას – სრული სია