თერჯოლაში 11 წლის გარდაცვლილი მოზარდის მეზობლები არ გამორიცხავენ, რომ მამას შვილი ცემის დროს შემოაკვდა და კვალის დაფარვის მიზნით ხეზე თავად ჩამოკიდა.
მეზობლების თქმით, დაკავებული ძალადობდა, როგორც შვილებზე, ასევე ცოლზე. მათი ინფორმაციით, დაკავებული ხშირად სვამდა.
“ამბობენ, ნასვამი იყო და შემოაკვდაო, არ ვიცი, ამას ექსპერტიზის მეტი ვერავინ დაადასტურებს, მაგრამ ასე ამბობენ” – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
სოფელში მერიის წარმომადგენლის, ფრიდონ კუტალაძის ინფორმაციით, მას ძალადობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიციას აცნობებდა. რწმუნებული პასუხისმგებლობას იმ ადამიანებს აკისრებს, რომლებმაც ინფორმაცია დამალეს.
ცნობისთვის, თერჯოლის მუნიციპალიტეტში მოზარდი გარდაცვლილი 23 აგვისტოს იპოვეს. დაკავებულია გარდაცვლილის მამა, რომელსაც ბრალს დღეს წაუყენებენ. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.