მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა ლიკა მუმლაძემ დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა.
მისი ინფორმაციით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 108 პაციენტი მკურნალობს და ყველა მათგანის მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე და საყურადღებო.
„მდგომარეობა მართლაც მძიმეა უკვე მთელ ქვეყანაში, ასევე ჩვენს კლინიკაში. დღევანდელი მონაცემებით, პრაქტიკულად მსუბუქი და ასიმპტომური პაციენტები იცით, რომ კლინიკაში არ ხვდებიან. აქედან გამომდინარე, თითქმის 80% ამ პაციენტებისა არის ჟანგბად დამოკიდებული, მათ სჭირდებათ ინტენსიური მეთვალყურეობა, რაც საკმაოდ რთული საკითხია.
ასაკობრივი ზღვარი საკმაოდ მაღალია. გვყავს, რა თქმა უნდა, ახალგაზრდა პაციენტები, მაგრამ სირთულით დაავადება მაინც საშუალო ასაკიდან ზემოთ მიმდინარეობს. ნაკლებად მძიმე სიმპტომატიკით მიმდინარეობს ეს დაავადება პატარებში. რაც შეეხება ზრდასრულ ასაკს, ყველა ასაკობრივ კატეგორიაში გვყავს მძიმე პაციენტი. დაწყებული 24, 30 წლის ასაკიდან, დამთავრებული მხცოვანი ასაკით“, – განაცხადა მუმლაძემ.
მისივე თქმით, მცხეთის სამედიცინო ცენტრში არიან სრულიად ჯანმრთელი, ახალგაზრდა პაციენტები, ყოველგვარი თანხმლები დაავადების გარეშე, რომლებმაც ძალიან მძიმე ავადობა გადაიტანეს.
მუმლაძის თქმით, პაციენტის გაწერიდან ათწუთიან ინტერვალში კლინიკაში ახალი პაციენტი შედის.
„მთლიანი საწოლ ფონდი, რაც გადაცემული გვაქვს, 111 საწოლზეა ამ ეტაპზე ჩვენი კლინიკა გახსნილი და მუშაობს სრული დატვირთვით. ზოგჯერ დამატებითი საწოლების გამოყენებაც გვიწევს. ამ მომენტში 114 პაციენტი წევს კლინიკაში. აქედან ხუთი პისიარ კვლევის შედეგს ელოდება, დანარჩენი უკვე დადასტურებული კოვიდია. რა თქმა უნდა, საწოლების პრობლემა იქმნება. ზუსტად შეიძლება ითქვას, რომ პაციენტის გაწერიდან ათწუთიან ინტერვალში შემოდის ახალი პაციენტი.
არიან პაციენტები, სასწრაფოს ექიმები, ოჯახის ექიმები, როლებიც დღეები ელოდებიან ჰოსპიტალიზაციის რიგს. ძალიან ცუდი სათქმელია, მაგრამ რეალობაა. არიან მძიმე პაციენტები, რომლებიც შინ იმართებიან. როდესაც ადგილი გათავისუფლდება, სასწრაფოს ამის შესახებ ვაწვდით ინფორმაციას, რათა ასეთი პაციენტის გადმოყვანა მოხდეს. ამიტომ თავისუფალი ადგილის ცნება, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს კლინიკებში არსად არ არის.
უარის თქმაც, რა თქმა უნდა, მიწევს, ძალიან ხშირად. ძალიან მძიმე სათქმელია უარი. მაქსიმალურ რესურსს ვიყენებთ, ზოგჯერ დამატებით საწოლზე, „ემერჯენსის სტრეჩერზე“, ანუ არასაწოლზე ერთი დღით შეიძლება, მოუწიოს პაციენტს წოლა. პაციენტი პალატაში შეიძლება ვერ მოთავსდეს, იყოს ობსერვაციის დარბაზში და ა.შ. მაგრამ მთავარია, რომ გაეწიოს დახმარება და ასეთ პირობებში გვიწევს მუშაობა.
ხდება თანამშრომლების, მედპერსონალის ინფიცირება, პერიოდულობით გვაკლდება თანამშრომლების გარკვეული ნაწილი, რომლებიც გადადიან იზოლაციაში. მაგრამ ვცდილობთ, ძალიან ვცდილობთ და ჯერ გამოგვდის, რომ ეს არ აისახოს პაციენტზე, ეს არ აისახოს პროცესის წარმართვაზე კლინიკაში. თუმცა თუ ეს მიიღებს მასიურ ხასიათს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იქნება ამ ყველაფრის გაკეთება. ვიცი, რომ მიდის გადამზადება გარკვეული რაოდენობა სტუდენტების, რეზიდენტების, რომლებიც შეძლებენ ამ ადამიანების მოვლას, მომსახურებას, მკურნალობას“, – განაცხადა ლიკა მუმლაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.
დღეს ქვეყანაში 3958 შემთხვევა გამოვლინდა.
წყარო: Fortuna.ge