თურქეთში მიწისძვრის შემდეგ არსებულ სიტუაციაზე “მთავარ არხთან” იქ მცხოვრები ქართველი საუბრობს.
როგორც ქალაქ გაზიანთეფის მაცხოვრებელი, ელენე ყაფლანი ყვება, ქალაქი სრულიად პარალიზებულია და იგი ოჯახთან ერთად თავშესაფრისკენ გადაადგილდება.
ის იხსენებს, რომ კორპუსის ჩამონგრევას სულ რამდენიმე წუთით გამოასწრო.
“წარმოდგენაც კი შეუძლებელია რას გადავურჩით. თურქული ადგილობრივი დროით, ღამის 5-ის 15 წუთზე დაიწყო ისეთი სიძლიერის ბიძგები, რომ არც ვიცი როგორ უნდა აღვწერო, ნუ, ვიფიქრე, რომ რამდენიმე წამში დასრულდებოდა და არა, გაგრძელდა. ინტენსივობა მოიმატა, ისმოდა კატასტროფული ხმა, ყველა ნივთი აბსოლუტურად ძირს ცვიოდა… ბიძგები გაგრძელდა ერთ წუთამდე, დასრულებისთანავე, იმ წამსვე შევძელით რომ გარეთ გამოვსულიყავით და სახლიც ჩამოინგრა. ამასთან ერთად, გაზი აფეთქდა და გაზის აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია, მოკლედ ეს ქალაქი, გაზიანთეფი ამ წუთას არის პარალიზებული და გავრბივართ, ამ წუთასაც გავრბივართ. “, – ჰყვება ელენე ყაფლანია.
მისივე თქმით, მზად არიან, გაზიანთეფი მყოფ სხვა ქართველებს თავად დაეხმარონ.
“ჩვენ დახმარება არ გვჭირდება, პირიქით, სიუჟეტს რომ ნახავენ, ვინც ნახავენ გაზიათეფში ქართველები, შეუძლიათ დამიკავშირდნენ და რამდენიც არ უნდა იყვნენ, ვისაც სჭირდებათ თავშესაფარი, საკვები თუ რაც იქნება, შემიძლია რომ დახმარება გავუწიო. ამასთან ერთად, საელჩო მუდმივად გვიკავშირდება და გვთავაზობს დახმარებას”, – ამბობს ეპიცენტრში მყოფი ქართველი.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში და სირიაში პირველი ძლიერი მიწისძვრა წუხელ მოხდა. დღეს კი მიწისქვეშა ბიძგები კვლავ განმეორდა. სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1,500-ს გადააჭარბა. გარდაცვლილებს შორის არის საქართველოს მოქალაქეც.
დაზარალებულმა ქვეყნებმა საერთაშორისო დახმარება ითხოვეს. თურქეთს ევროკავშირი, ნატო და მეზობელი ქვეყნები დაეხმარებიან, მათ შრის არის საქართველოც.