ჩრდილოეთ კორეამ დემილიტარიზებულ ზონაში სამხრეთ კორეასთან დამაკავშირებელი გზებისა და სარკინიგზო ხაზების მონაკვეთები ააფეთქა. როგორც გავლენიანი გამოცემები წერენ, ეს ფხენიანის სეულისადმი “ბრაზის სიმბოლური გამოხატულებაა”.
სამხრეთ კორეის გაერთიანების სამინისტრომ ფხენიანის ქმედებები მკაცრად დაგმო და მას “პათოლოგიური” უწოდა.
აფეთქებების საპასუხოდ, სამხრეთ კორეის არმიამ საზღვართან გამაფრთხილებელი სროლები განახორციელა. როგორც გამოცემა ABC News-ი წერს, სამხრეთ კორეის მხარის სასაზღვრო ზოლი აფეთქებების შედეგად არ დაზიანებულა.
ვიდეოში, რომელიც სამხრეთ კორეის თავდაცვის ძალებმა მედიაში გაავრცელა, აფეთქების მომენტს ასახავს საგზაო მონაკვეთზე, რომელზეც ჩრდილოეთ კორეას შავი ფერის ბარიერი ჰქონდა აღმართული. სამხრეთისკენ მიმართული საგზაო ნიშანზე კი ეწერა სიტყვა “ნახვამდის” და აღნიშნული იყო, რომ ჩრდილოეთ კორეული ქალაქი კაესონგი 10 მეტრის მანძილზეა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეა დემილიტარიზებული ზონის (DMZ) მიმდებარე ტერიტორიაზე სამხრეთთან დამაკავშირებელი გზების ასაფეთქებლად ემზადებოდა, გუშინ, 14 სექტემბერს სეულმა გაავრცელა.
მანამდე, 13 სექტემბერს ჩრდილოეთ კორეის გენერალურმა შტაბმა სამხრეთ კორეის საზღვართან განლაგებული სამხედრო არტილერია საბრძოლო მზადყოფნაში გადაიყვანა, მას შემდეგ, რაც 11 ოქტომბერს ფხენიანმა განაცხადა, რომ სამხრეთ კორეიდან ჩრდილოეთ კორეის საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატები შეფრინდნენ.
როგორც გამოცემა Reuters-ი წერს, რამდენიმე დღის წინ სამხრეთ კორეელმა აქტივისტებმა დრონების გამოყენებით ჩრდილოეთ კორეაში გააგზავნეს პირველადი დახმარების ამანათები და ფლაერები, რომლებშიც ჩრდილოეთ კორეის დიქტატორს, კიმ ჩენ ინს აკრიტიკებდნენ.