საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჯო ბაიდენთან შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბურმა შეჭრამ პარიზსა და ვაშინგტონს შორის მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობა ცხადყო.
„რადგან ომი უბრუნდება ევროპულ მიწას უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ და მრავალი კრიზისის ფონზე, რომელსაც ჩვენი სახელმწიფოები და ჩვენი საზოგადოებები აწყდებიან, ჩვენ კვლავ უნდა გავხდეთ თანამებრძოლები“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას.
თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთი შეერთებული შტატების უძველესი მოკავშირე და ურყევი პარტნიორია და ორ ქვეყანას შორის ალიანსი მნიშვნელოვანი რჩება.
ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ ორივე ქვეყანა გაერთიანებულია უკრაინაში რუსეთის სასტიკი ომის წინაშე და მუშაობს დემოკრატიის მიღწევების უზრუნველსაყოფად ბევრ საკვანძო საკითხში.