ხმაური იყო ცოტა ხნის წინ ქუთაისის 14-ე საარჩევნო უბანთან, სადაც ერთმანეთს გარეპერიმეტრზე შეკრებილი პირები და ერთ-ერთი მედიასაშუალების წარმომადგენელი დაუპირისპირდნენ. ჟურნალისტი ირწმუნებოდა, რომ ეს პირები კოორდინატორები იყვნენ და სიებით მოქალაქეების შემოწმებას ცდილობდნენ. უბანთან მყოფმა პირებმა მათ მიმართ გაჟღერებული ბრალდებები გააპროტესტეს. საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა.
“ხმის მისაცემად ვინც უნდა მოვიდნენ ამ უბანზე, რომელიც წარმოდგენილი ჰქონდათ “ქართული ოცნების” კოორდინატორებს და ეს სიები წავართვი, რასაც მოჰყვა აყალ-მაყალი, ამის შემდეგ გამოიძახეს პოლიცია, აქ არის ეკიპაჟები მობილიზებული. გადმოვიდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე და ჩემს ოპერატორს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ესენი არ იყვნენ დაშორებული უბნიდან 100 მეტრით ეს უკვე კანონდარღვევაა. შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ეს არის კანონდარღვევა,”- აცხადებს ჟურნალისტი.
საპირისპირო ბრალდებებს აჟღერებენ კოორდინატორები და აცხადებენ, რომ ჟურნალისტმა მათი ჩანთიდან ფურცლები უნებართვოდ ამოიღო და ფიზიკურ შეურაცხყოფაზეც პირველი ის წამოვიდა.