Site icon megatv.ge

შსს-ს ინფორმაციით, დედისა და მეზობლების მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ნოდარ გამყრელიძე საკუთარ სახლში დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნოდარ გამყრელიძის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, 57 წლის ნოდარ გამყრელიძემ ერთი წლის წინ, სოფელ ყანდაურაში საკუთარ ოჯახის წევრებსა და მეზობლებს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ესროლა. როგორც შსს-ს ინფორმაციაშია აღნიშნული, ნოდარ გამყრელიძე მიმალვაში იმყოფებოდა და ის სამართალდამცველებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის სავარაუდო იარაღები ნივთმტკიცებებად ამოიღო.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული ნ. გ., დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სოფელ ყანდაურაში დააკავეს.

აღნიშნული დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2019 წლის 3 მაისს, კახეთში, სოფელ ყანდაურაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა ოჯახის წევრებსა და მეზობლებს.

2019 წლის 20 ივლისს, ნ.გ-ზე ძებნა გამოცხადდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის სავარაუდო იარაღები ნივთმტკიცებებად ამოიღო.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ და მე-3 ნაწილის ,,ა”ქვეპუნქტებით, რაც ოჯახის წევრების მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს“ – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფრომაციაში.

შეგახსენებთ, რომ ყანდაურში ერთი წლის წინ მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნოდარ გამყრელიძე, რომელიც თავდაპირველად ბრალდებული 85 წლის ომარ გამყრელიძის შვილია, დღეს დააკავეს.

ყანდაურაში მკვლელობა გასული წლის 3 მაისს მოხდა. შსს-ს მიერ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, 85 წლის ომარ გამყრელიძემ ცეცხლსასროლი იარაღით შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, ავადმყოფი მეუღლე კი დაჭრა, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა. გამყრელიძე დააკავეს და სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით ის 2000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს.

ამავე საქმეზე ბრალდებულ ომარ გამყრელიძის შვილიშვილიც დააკავეს. მას იარაღის უკანონო – შეძენა – შენახვას ედავებოდნენ. გასული წლის ნოემბერში პატიმრობიდან ისიც გათავისუფლდა.

Exit mobile version